პრემიერმა ფორუმის – „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ მონაწილეებს მიმართა.
პრემიერის თქმით, ქართულ დიასპორას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები, ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში და თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში და ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში.
„მჯერა, სწორედ თქვენთან ერთად, მთელ მსოფლიოში გაფანტულ ჩვენს თანამემამულეებთან ერთად შევძლებთ, ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ, – განაცახდა კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს სჭირდება თითოეული თავისი თანამემამულე, მათი ინტელექტუალური პოტენციალი და პროფესიული გამოცდილება.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებითვე, ქართული დიასპორის ასობით ათასი წარმომადგენელი წარმოადგენს საქართველოს უმნიშვნელოვანეს რესურსს, სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პროცესში; საქართველოს, როგორც უძველესი ცივილიზაციის, უძველესი კულტურის პოპულარიზაციასა და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო დადებითი იმიჯის დამკვიდრების საქმეში.
„გადავწყვიტეთ, რომ გავზარდოთ დიასპორული ორგანიზაციებისა და საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ჩვენს ახალგაზრდებს, უცხოეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს; განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ქართული ენის შესწავლას ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სამშობლოში ახალგაზრდა, პროფესიონალი კადრების მოსაზიდად. შევქმენით ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემთა ბაზა და ვიმუშავებთ აქტიურად ახალგაზრდობის თითოეულ წარმომადგენელთან, რათა არც ერთი მისხალი რესურსი არ დაიკარგოს ჩვენი ქვეყნისთვის. გაღრმავდება ასევე პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” და დიასპორული სტაჟირების პროგრამა”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიასპორის მიერ ინვესტიციების განხორციელებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. პრემიერმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესში დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობის მზარდ ტენდენციას ბოლო პერიოდში.
„ჩვენ სპეციალური ჯილდოებით წავახალისებთ დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც საზღვარგარეთ გამორჩეულად წარმატებული ადამიანები არიან, თავიანთი წვლილი შეიტანეს იმ ქვეყნების წინსვლაში, სადაც ისინი ცხოვრობენ; ასევე, სპეციალური სახელმწიფო ჯილდოებით წავახალისებთ დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია უცხოეთში ქართული ეკლესიებისა და სამრევლოების რიცხვის ზრდა და გაძლიერება, რასაც საქართველოს მთავრობა, საპატრიარქოსთან თანამშრომლობით აუცილებლად შეუწყობს ხელს.
მთავრობის მეთაურმა მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ინიციატივას, რომლიც დაეხმარება ქართული დიასპორის კონსოლიდაციას, მის ეფექტიან თანამშრომლობას სამშობლოსთან, საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციას და საერთაშორისო მხარდაჭერას.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში განიხილება ინიციატივა, რათა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, აღარ უწევდეთ იმ რთული პროცედურის გავლა, რომელიც შემდგომში საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას სჭირდება. პრემიერმა აღნიშნა, რომ ინიციატივა სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის, რისთვისაც მას მადლობა გადაუხადა.
დიასპორის დღესთან დაკავშირებული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. მინისტრი, ფორუმზე ასევე წარადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ დიასპორის სახელმწიფო სტრატეგიას – „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა”.