„ჯერ მოითხოვოს სააკაშვილისა და ადეიშვილის სანქცირება, სამართლიანობა და მერე თქვას ნებისმიერი სხვა რამ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.
„პირველ არხთან“ საუბრისას ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი „გაუგონარ განცხადებებს აკეთებს ხოლმე“.
კითხვაზე, ხედავს თუ არა ხელისუფლება ისეთი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას, რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, რომ „არც ნიშნის მოგების და გახარების დროა, არც თავის მართლების, ოთხ ადამიანს არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი და საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, ეს იქნება გამოძიება, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის გადახედვა”, რადგან როგორც პრეზიდენტი ამბობს, ის წუხს იმის გამო, რომ საქართველო ეწერება იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც აშშ-ის მიერ სანქცირებული მოქალაქეები ჰყავს და შიშობს, რომ ეს გადაწყვეტილება ევროპაში ნეგატიურ სიგნალად იქნება აღქმული.
„ჩვენ ვხედავთ მის ცოტა გაუგებარ განცხადებებს, რაც ძალიან მოხშირებულია ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. ჯობდა, ჯერ დაეწყო საუბარი სააკაშვილისა და ადეიშვილის სანქცირებაზე და მერე შეიძლება, მეტ-ნაკლებად გასაგები ყოფილიყო მისი რაღაც განცხადებები, მაგრამ ჯერ დაიწყო საუბარი ამაზე. ჯერ მოითხოვოს სააკაშვილისა და ადეიშვილის სანქცირება, მოითხოვოს სამართლიანობა და მერე თქვას ნებისმიერი სხვა რამ“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, აქვს ბევრი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას უკავშირდება სალომე ზურაბიშვილის პოზიციის ცვლილება, განსაკუთრებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მაგრამ ამაზე საუბარი არ სურს და არ ისაუბრებს.
„მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ კრიტიკულ მომენტებში ის მაინც რაღაც დონეზე პრინციპულობას აჩვენებს“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ ინფორმაციებზე არ ისაუბრებს ერთ-ერთი მთავარი მიზეზის გამო, რომ გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს.
„თავად სალომე ზურაბიშვილი თუ, მაგალითად, რაღაც მომენტებში არ უფრთხილდება პრეზიდენტის ინსტიტუტს, ჩვენ მაინც ვალდებული ვართ, რომ გავუფრთხილდეთ ამ ინსტიტუტს, რადგან აქ საქმე ეხება სახელმწიფო ინსტიტუტის პრესტიჟს და ამიტომ რაღაცებს არ ვიტყვით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.