LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯერ კიდევ მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატების პერიოდია.. ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების ანთება, როგორც მცირე ასაკის ბავშვებში, ასევე 65-წელს გადაცილებულ მოსახლეობაში“ – ივანე ჩხაიძე

169
Untitled design

„ამ ეტაპზე საქართველოში ჯერ კიდევ მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონური მატების პერიოდია“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ფორტუნას“ განუცხადა.

ივანე ჩხაიძის თქმით, გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების გავრცელების პიკი თებერვლის თვეში, გასულ კვირას უკვე იყო და მოლოდინი აქვთ, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა შემცირდება:

„იანვრიდან თებერვლის პირველი ნახევრის ჩათვლით, იდენტიფიცირებული ვირუსებიდან ყველაზე მეტი გრიპის ვირუსია, ხოლო გავრცელებულ გრიპის ვირუსებს შორის ყველაზე მეტს, 41 %-ს A ტიპის ვირუსი წარმოადგენს.

გავრცელების მიხედვით, უკვე რამდენიმე კვირაა მეორე ადგილზეა რესპირაციულ-სენსიტიური ვირუსი. მისთვის დამახასიათებელია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ბრონქიოლიტის განვითარება. აღნიშნულმა ვირუსმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების ანთება როგორც მცირე ასაკის ბავშვებში, ასევე 65-წელს გადაცილებულ მოსახლეობაში“, – ამბობს ივანე ჩხაიძე და აღიშნავს, რომ ყველა ის ვირუსი, რომელიც დღეს საქართველოშია გავრცელებული, გრიპის ვირუსისგან განსხვავებულია:

„მხოლოდ გრიპის ვირუსს ახასიათებს მაღალი ტემპერატურა – 38 გრადუსი და მეტი, ძლიერი სისუსტე, თავის, ყელის, კუნთების და სახსრების ტკივილი, ხველა, უმადობა – ამ ნიშნების შემთხვევაში უნდა მივიჩნიოთ, რომ საქმე გრიპის ვირუსთან გვაქვს.

ბავშვებისთვის, რომლებიც ჰოსპიტალიზებული არიან და აქვთ ფილტვების ანთება, პირველი ამოცანა გრიპის საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარებაა“, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

მისივე თქმით, „კორონავირუსი არსად წასულა და ბოლო კვირების განმავლობაში კოვიდ-19-ის შემთხვევები მუდმივად ფიქსირდება:

„საერთო ვირუსებში მისი ხვედრითი წილი 2, 3, მაქსიმუმ 10 %-ია. ის ჩვეულებრივი სეზონური ვირუსი გახდა. მოლოდინი, რომ კორონავირუსმა მომდევნო კვირების განმავლობაში მოიმატოს, არ გვაქვს“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „ფორტუნასთან“.