რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ მსოფლიო პანდემიის შემდეგ ეკონომიკა არ ჩამოიშალოს?
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყველა გამოსვლაში აღნიშნავს, რომ შექმნილ სიტუაციაში ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. პრემიერის თქმით, მეორე პრიორიტეტია ეკონომიკა, რაც შეიძლება, ნაკლებად დაზარალდეს.
რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რომ ეკონომიკა და საშუალო ბიზნესი გადარჩეს?
ამ კითხვით „ფორტუნამ“ ბიზნესმენ, კომპანია „ყაზბეგის“ დამფუძნებელ გოგი თოფაძეს მიმართა.
„ეს უბედურება ძალიან ძვირი გვიჯდება. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. კორონავირუსის გამო ქვეყანაში დიდი პრობლემები შეიქმნება. სახელმწიფო ამხელა თანხებს იხდის. ერთადერთი, რაც გვაიმედებს ის არის, რომ საქართველოში კორონავისუსით ჯერ არავინ გარდაცვლილა. ჩვენი ექიმების გამარჯვებას ბევრი აღიარებს. რა თქმა უნდა, პრობლემები შეექმნება წარმოებებს და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას. 22 აპრილამდე შინ უნდა ვიყოთ და არ უნდა ვიმუშაოთ. არ მგონია, რომ 22 აპრილის მერე ყველაფერი ერთბაშად უკეთესობისკენ შეიცვალოს. რესტორნები გაჩერებულია. ძალიან ბევრი მაღაზია აღარ მუშაობს. პირველ რიგში ეს უბედურება უნდა გადავიტანოთ. ალბათ ერთი თვე კიდევ მოგვიწევს სახლში ყოფნა. ამდენი ქარხანა გავაჩერეთ, ხალხი უმუშევარია, მაგრამ ეს ხომ არავის ბრალი არ არის.
ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი დამოკიდებულია ტურიზმზე. როგორც ამბობენ, აშშ-ს მთავრობამ ტრილიონი დოლარი გამოყო ვირუსით დაზარალებლი ქვეყნების დასახმარებლად. მხოლოდ ეს ხომ არ შეიძლება გამოსავალი იყოს?
საქართველოში შემოდგომამდე რომ აღარავინ ჩამოვა, ამაში ორი აზრი არ არსებობს. მერეც, ალბათ დიდხანს ბევრი თავს შეიკავებს მოგზაურობისგან. კორონავირუსი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდებს. ხელისუფლებამ რაც არ უნდა გააკეთოს, პრობლემები მაინც იქნება. თუ იმას მივაღწიეთ, რომ არავინ დაგვეღუპა, ჩვენ ვიქნებით წარმატებული ქვეყანა და ბევრი ამას სწორად გაიგებს. ბიზნესის გადარჩენაზე მერე ვილაპარკოთ.
დასამალი არაფერია. ბიზნესი ყოველდღიურად დიდ ზარალს იღებს. მარტო მე არ ვარ ამ შემთხვევაში. ჩემი ქარხნები გაჩერებულია, ვერ მუშაობენ. რესტორნებიც შევაჩერეთ. ძალიან ძნელია ასეთ სიტუაციაში ბიზნესზე იფიქრო, როდესაც გარეთ გასვლის გეშინია. გამოაცხადეს, 70 წლის ზემოთ თუ ხარ, გარეთ აღარ უნდა გახვიდეო და მე ვარ 70 წელს გადაცილებული. ათასი პრობლემაა. ამიტომ სანამ ეს ყველაფერი არ დალაგდება, ვერაფერს ვიტყვი.
მცირე და საშუალო ბიზნესი ჩერდება, ათეულობით ადამიანი უმუშევარი რჩება – სად არის გამოსავალი
“საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე „ფორტუნასთან“ საუბარში იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რაც სახელმწიფომ უნდა გადადგას, ეკონომიკა რომ არ ჩამოიშალოს.
„ეროვნული ბანკისგან მივიღე ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა დახმარების მისაღებად და მნიშვნელოვანია, რომ ეს დახმარება დროულად შემოვიდეს ქვეყანაში. შემდეგ, იმის მიხედვით უნდა გადანაწილდეს თანხა, რომელ სექტორს უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება. ეს ყველაფერი დროულად უნდა გააკეთოს სახელმწიფომ. ვნახე რამდენიმე კომპეტენტური ორგანიზაციის კვლევა, როგორ შეიძლება ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანაში სიტუაცია განვითარდეს. მთავრობის მხრიდან მათთან კომუნიკაცია ალბათ აუცილებელი იქნება.
პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ, რომ ეპიდემია ვმართოთ, რომ დაინფიცირებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს და მერე, როცა ეს ყველაფერი გადაივლის, ეკონომიკის ამუშავებაზე ვიფიქროთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეპიდემიის გადავლას უნდა დაელოდოს მთავრობა და მერე გამოაცხადოს გეგმა. რაც უფრო დააგვიანებს გეგმის დადებას, უფრო ცუდი იქნება. ეს გეგმა ბიზნესსექტორისთვის და მოსახლეობისთვის განჭვრეტადი იქნება, რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ. ერთი, რაც აუცილებლად იქნება გასაკეთებელი, სოციალურად დაუცველების დახმარებაა. გარკვეული გადასახადების შემცირებასა და გაუქმებას (რაღაც პერიოდის განმავლობაში) ხელისუფლება ვერ აცდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს გონივრული. ახლა არ არის იმის დრო, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ ბატალიებში ჩაებას. არც გაჯიუტების დრო არ არის“, – აღნიშნა კეპულაძემ ჩვენთან საუბარში.
კეპულაძის თქმით, ლარის გაუფასურება პანიკამ და ბაზარზე არსებულმა გაურკვევლობამ გამოიწვია.
„გაჩერებულია მთლიანად ეკონომიკა და ტურიზმი, შემცირებულია უცხოეთიდან გადმორიცხვები. ამას, როგორ წესი, იმპორტის შემცირებაც მოჰყვება. ქვეყანაში ნაკლები დოლარი შემოდის და მოხმარებაც მცირდება. ამას მოყვება ის, რომ ქვეყნიდან ნაკლები დოლარი გავა. ეს ლარზე დადებითად აისახება, რაც დიდი ალბათობით საერთაშორისო დახმარებით დარეგულირდება.
ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ახალ ტაქტიკაზე გადადის, ანუ რეზერვების ხარჯვას იწყებს. ჩვენ კრიზისულ სიტუაციაში მოქმედებების გამოცდილება გვაქვს. 2008 წლის ომის შემდეგ სარეზერვო ბანკი აქტიურად ერეოდა ეკონომიკის გამყარების ამბავში, მაგრამ მხოლოდ რეზერვების ხარჯზე ფონს ვერ გავალთ. ეს ძალიან კარგად იციან ეკონომისტებმა. ყველაფერი უნდა იყოს კომპლექსური. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ უცხოური გრანტის ხარჯზე გავზარდოთ დოლარის შემოდინება, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ექსპორტი მნიშვნელოვნად არ შეგვიმცირდეს, პლუს რეზერვების გაყიდვა უნდა იყოს ძალიან მიზანმიმართული. იმისთვის, რომ ბაზარზე არ გაჩნდეს დოლარის დეფიციტი. ამის საშუალება კი ეროვნულ ბანკს აქვს, რადგან სამ მილიარდზე მეტი გვაქვს საერთაშორისო სავალუტო რეზერვი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეტაპობრივად სწორი მენეჯმენტით ვხარჯოთ ფული. ის ფაქტი, რომ ლარი ისტორიულ მინიმუმზეა, ეს ობიექტური ფაქტორებითაა გამოწვეული. ჩვენ ჩავკეტეთ საზღვრები, რაც პირდაპირი დარტყმა იყო ეკონომიკაზე, მაგრამ ეს ადამიანების ჯანმრთელობისთვის გადადგმული აუცილებელი ნაბიჯია“, – განაცხადა “ფორტუნასთან” კეპულაძემ.