„ჯეო ჰოსპიტალსის“ ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი კოვიდინფიცირებულების მიღებას იწყებს. ამავდროულად, ჰოსპიტალში შენარჩუნდება მოსახლეობისთვის ყველა საჭირო საბაზისო სამედიცინო სერვისი.
ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის, ირაკლი დიასამიძის განცხადებით, ბორჯომის კლინიკის ჩართვა COVID-19-ის მართვაში რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნულ ლოკაციაზე ის ერთადერთი მასშტაბური ჰოსპიტალია, რომელიც მრავალფეროვანი სერვისებით არის წარმოდგენილი.
კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის პროცესში გუშინ ჩაერთო „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი მარნეულში.
ორივე სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვისთვის საჭირო ყველა დიაგნოსტიკური საშუალებით, მათ შორის, კომპიუტერული ტომოგრაფიით და მრავალპროფილური ლაბორატორიით.
„ჯეო ჰოსპიტალსი“ არსებული შესაძლებლობების სრული მობილიზაციით არის ჩართული COVID-19-ზე რეაგირების პროცესში და რეგიონის მასშტაბით დამატებითი საწოლფონდის მობილიზების მეოთხე ეტაპს ახორციელებს.