სხვადასხვა გარემოებათა გამო დაგვიანდა ჩემი ვარსკვლავი და ახლა არ მჭირდება, – ამის შესახებ მომღერალმა ჯემალ სეფიაშვილმა “იმედის” ეთერში გადაცემაში “ნოესთან” განაცხადა. მომღერალი ამბობს, რომ შინაგანი პროტესტი აქვს ვარსკვლავის გახსნაზე და მიიჩნევს, რომ მისი ვარსკვლავის გახსნა დაგვიანდა.
“იმ ქვეყნებში, სადაც შოუბიზნესი არსებობს, ხელოვანს არ ეკითხებიან, ვარსკვლავი გაგიხსნა თუ არაო და არც ეშინიათ ვარსკვლავის გახსნის. “ნაციონალური მოძრაობის” ბობოქრობაში ვარსკვლავი კი არა, ჩემი სიმღერა არ ისმოდა არცერთ რადიოსადგურზე.
დაგვიანდა ჯემალ სეფიაშვილის ვარსკვლავი და არ მინდა, გენაცვალე, რამდენი ვარსკვლავი მაქვს იცი? – ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩემი სიმღერა უყვარს და ღიღინებს”, – აღნიშნა ჯემალ სეფიაშვილმა.
კომპოზიტორმა რუსეთში მოღვაწეობის შესახებაც ისაუბრა და სინანულით დასძინა, რომ კარგი იქნებოდა იმ პერიოდში, საქართველოში არ დაბრუნებულიყო, ვინაიდან მას იქ გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლო.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ უკვე სამი წელია შემოქმედებითი საღამოსთვის ემზადება, თუმცა პანდემიამ ხელი შეუშალა.
ალბათ, აპრილის თვეში გადავწყვეტთ როდის შევძლებთ, – დასძინა ჯემალ სეფიაშვილმა.