რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„ბიძინა ივანიშვილზე აუგს ვერ მათქმევინებენ… მან ხელოვანებს ნორმალური ცხოვრება შეგვიქმნა, კარგად ვიყავით, ქვეყანაში ამდენი რამ გააკეთა, მაგრამ შეცდომა ყველას აქვს და რასაკვირველია, ქვეყნის მართვის დროს მანაც დაუშვა შეცდომები… დღეს ხომ ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია! ერთიანად ხელის მოსმა და გასუფთავება თუ იყო საჭირო, ბოლომდე უნდა გაესუფთავებინათ, როცა დაიწყეს და არავისზე შეღავათი არ უნდა ყოფილიყო.
ამას აპატიეს, იმას და… ვისაც აპატიეს, იმათმა წამოჰყვეს თავი ნელ-ნელა. ხომ ხედავთ, აგერ, ქვეყანას ორი მთავრობა გამოუვიდა და არ გამოდის ასე ყოფა.
ქვეყანა კიდევ უფრო და უფრო უკან მიდის და ამაში არის მთელი უბედურება. ახალგაზრდობა თუ ასე პესიმისტურად იქნება, ხელფეხშეკრული ვიქნებით სულ.
ახლა მთავარია, ვიაზროვნოთ, თუ როგორ დამშვიდდეს ეს ქვეყანა! უკვე აღარ იცი კაცმა, საით გაიხედო, როგორ გაიხედო, ვის გადაეფარო, ვის არ გადაეფარო, დავიბენით!
მოხუცი კი ვარ, მაგრამ ჩემი ხნის ადამიანისთვისაც ასე ცხოვრება ყოვლად შეუძლებელია“!, – ამბობს ჯემალ ღაღანიძე.