განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამბობს, რომ სკოლაში, სადაც არ იქნება სველი წერტილები მოწესრიგებული, დირექტორი თანამდებობას დატოვებს. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ბევრგან საპირფარეშო მისახედია და კარიც კი არ აქვს.
“ამ ეტაპზე საუბარია, რომ ყველა მიმართულებით შევუტიოთ ჰიგიენის საკითხს. მათ შორის დირექტორებს ჩვენ ვთხოვეთ, რომ რა დონეზეც შესაძლებელია მათი არსებული ინფრასტრუქტურით მოწესრიგება, სისუფთავე იყოს. ეს ჩვენი დავალებაც არის, თხოვნაც და მოთხოვნაც. ამას გარდა, ვმუშაობთ, რომ პრაქტიკულად ყველა სკოლაში, პირველ რიგში ამ საკითხს მივხედოთ, რადგან გასაგებია, რომ ძალიან კარგია სააქტო დარბაზი და ცეკვის სცენა, მაგრამ თუ ჩვენი ბავშვებისთვის ელემენტარული პირობები ვერ უზურნველვყავით, უბრალოდ აზრი არ აქვს. დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება, ყველა შემთხვევაში, სადაც შესაძლებელი იყო სველი წერტილის მოწესრიგება და ეს არ მოხდა. ჩვენ დირექტორებს ვუთხარით, რომ ჩვენი მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა იქნება, მათ შორის ბიუჯეტის კუთხით. ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ ბევრგან აუთვისებელი ბიუჯეტი გვაქვს და საპირფარეშო არ არის მიხედილი, კარი არ აქვს საპირფარეშოს. აბსოლუტურად ელემენტარულ საკითხებზე ვსაუბრობთ, ეს არის დაუშვებელი. მგონი, ეს უფრო უყურადღებობის ამბავია. ეს ისეთი საკითხია, ბავშვი რომ ვერ შედის, ან არ შედის საპირფარეშოში, ამაზე ცუდი რა შეიძლება რომ გავაკეთოთ ძნელი წარმოსადგენია, ამიტომ აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ რადაც უნდა დაგვიჯდეს ეს საკითხი”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.