LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯარისკაცების გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება – ვლადიმერ ჩაჩიბაია

ვლადიმერ ჩაჩიბაია

ჯარისკაცების გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის თაობაზე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა სამხედრო მოსამსახურე არის დასაქმებული. რეორგანიზაცია კი, მხოლოდ ძალების თანაბარ გადანაწილებას გულისხმობს, საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში.

გეგმის თანახმად, ძალები, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით, მხოლოდ თბილისშია კონცენტრირებული, სამომავლოდ ორ ლოკაციაზე გადანაწილდება.

როგორც ჩაჩიბაიამ განმარტა, ოპერატიული მოთხოვნებიდან გამომდინარე და თავდაცვის გეგმის მიხედვით, საჭიროა, რომ ორად გადანაწილდეს ძალები, რათა საომარი მოქმედებების დროს, ავტონომიურობის რეჟიმში, ოპერატიულად იმოქმედოს სპეცდანიშნულებამ და სხვა ძალებმა.

„დიდი ბოდიში, მე გაღიზიანებულიც ვარ ცოტა, რადგან არ შეესაბამება სიმართლეს ის, რაც გახმაურდა. მიდგომა, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას, არ არის სწორი. თუ ვინმეს სურვილი აქვს, წავიდეს ჯარებიდან, ეს მისი პირადი არჩევანია, მაგრამ ეს პროცესი მიმდინარეობს 2017 წლიდან, მინისტრის პოლიტიკის შესაბამისად,” – განუცხადა ჟურნალისტებს ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

გენშტაბის უფროსის თქმით, ყველა ჯარისკაცი ინფორმირებულია ცვლილებების შესახებ და მისთვის გაუგებარია აჟიოტაჟი, რომელიც ამ თემას მოჰყვა.

„ეს პროცესი ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, მეორე არის ის, რომ ნატოს ექსპერტთა ჯგუფთან ერთად და ასევე, საქართველოში არსებულ ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფთან ერთად მოხდა ამ საკითხების განხილვა და მივიყვანეთ სტრუქტურა-ორგანიზაცია იმ სტანდარტებზე, რომელიც მიღებულია ნატოს წევრ ქვეყნებში,” – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები