LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯარიც რომ შემოიყვანონ, აქცია მაინც ჩატარდება“ – 20 ივნისის ორგანიზატორები VS ხელისუფლება: განმეორდება თუ არა „გავრილოვის ღამე“

175
193352-big

ძალიან მალე, 20 ივნისს, პარლამენტის წინ ისევ შეიკრებიან ის ადამიანები, რომლებსაც არ ავიწყდებათ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის – გავრილოვის მოკალათება პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, რომლებსაც არ ავიწყდებათ აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლით, არ ავიწყდებათ ანტისაოკუპაციო გამოსვლებზე ხელისუფლების პასუხი და თვალებდათხრილი მოქალაქეები.

ხელისუფლება შიგადაშიგ კომენტარებს აკეთებს, მაგრამ მათი განცხადებებიდან ბევრს ვერაფერს გაიგებთ. ალბათ კარგი იქნება, მმართველი გუნდი თუ გაითვალისწინებს, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, ახლა სულ რაღაც 5 თვე რჩება არჩევნებამდე და „ოცნებას“ ყოველდღიურად, სულ უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება მოქალაქეების დასაჯერებლად, თუ რატომ უნდა მისცენ ხმა ივანიშვილის გუნდს; ახლა დასავლეთი გამადიდებელი შუშით აკვირდება ყველა პოლიტიკურ მოვლენას და ხელისუფლების ყველა ნაბიჯს. მოკლედ, ახლა აღარ არის 2019 წლის ივნისი. ალბათ ეს ესმით ივანიშვილის გუნდის წევრებს და, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ ვერ ჩამოყალიბდნენ, რა თქვან. გია ვოლსკი ამბობს, რომ აქცია სახელმწიფოსა და კანონის წინააღმდეგ წასვლა იქნება. უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი მიიჩნევს, რომ აქცია კანონდარღვევა არაა არც კორონაპანდემიის დროს, თბილისის მერი კი საერთოდ იცილებს პასუხისმგებლობას და ამბობს, რომ მერიის ვალდებულება მხოლოდ ისაა, წერილის ავტორებს აცნობოს, რაიმე ღონისძიება ხომ არაა იმ ტერიტორიაზე დაგეგმილი.

„ოცნების“ წევრების განცხადებები არაფრისმომცემია აქციის ორგანიზატორებისთვის. ისინი მიიჩნევენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ერთი კაცი – ივანიშვილი იღებს.

შეიკრიბონ 20 ივნისს, იქ იდგება 200 "ნაციონალი", ყველა სათითაოდ შეგვიძლია დავთვალოთ-ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური შინაარსის შეკრებებს კანონი არ კრძალავს

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი „ფორტუნას“ „დღის თემაში“ ამბობს, რომ ხელისუფლების კომენტარებიდან რაციონალური დასკვნის გამოტანა რთულია.

„ქართული ოცნების წარმომადგენელთა განცხადებებიდან არ ირკვევა, რომ ხელს შეგვიშლიან. არც დაგვეხმარებიან, მაგრამ არც შეგვიშლიან ხელს, თუმცა ივანიშვილს შეუძლია, ყოველ წამს შეცვალოს ამ ლიდერების განცხადებები, თან ისე, რომ მათ არაფერი იცოდნენ. ეს მნიშვნელოვანი თარიღია. 9 აპრილის შემდეგ, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა მოქალაქეებმა ხელისუფლებას არ აპატიეს ოკუპანტი ქვეყნის, მოსისხლე მტრის წარმომადგელის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა. ახლა რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, სულ რომ სპეცრაზმი კი არა, ჯარიც შემოიყვანოს, მოქალაქეები მაინც გავლენ და შეიკრიბებიან“, – ამბობს მაქარაშვილი.

მისი თქმით, მათ სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და მერიაში განცხადებაც ამიტომ შეიტანეს.

„შევიტანეთ განცხადება, რომ შაბათს, 18:00 საათზე იწყება აქცია და მანამდე, რამდენიმე საათით ადრე მოგვცენ გზის გადაკეტვის საშუალება. ჩვენ ისე გადავნაწილდებით, რომ ორმეტრიან დისტანციას დავიცავთ, გვექნება პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები“, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.

დღეს არ გაისვრიან არაფერს. არც აქციას დაშლიან ისე,როგორც დაშალეს - მაკო გომური

არა,დღეს არ გაისვრიან არაფერს. არც აქციას დაშლიან ისე,როგორც დაშალეს. ეს აქცია ხომ რეალურ,საღ აზრს არ ემსახურება.

“ფორტუნას“ კითხვაზე, რას იზამენ, თუ მერიისგან პასუხი არ იქნება და გზის გადაკეტვა მოუწევთ, ელოდებიან თუ არა პოლიციისგან რეაგირებას და ძალის გამოყენებით მათი ადგილიდან გაყვანას, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გვპასუხობს:

„ჩვენ კონსულტაციები უკვე გაიარეთ კვალიფიციურ იურისტებთან და გვითხრეს, რომ არანაირი კანონდარღვევა არ იქნება. 100 კაცზე მეტიც თუ მოვიდა, დისტანციის დაცვის პირობებში, მაინც მოუწევთ მოქალაქეებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლა.

თუ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, რომ რამდენიმე საათით ადრე გადაკეტოს ეს ადგილი, ჩვენი მეგობრები უსასყიდლოდ მზად არიან ჩაერთონ პროცესში, უზრუნველყონ მონიშვნები, კონკრეტული ადგილები იყოს, სადაც პირბადეები დარიგდება, ხელებს დაიმუშავებენ სადეზინფექიცო ხსნარით, მოეწყობა აპარატურა და სცენა. არ ვაპირებთ, ჯანმოს ან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევას”, – ამბობს გიგა მაქარაშვილი. 

ორგანიზატორები გვეუბნებიან, რომ არ არის გამორიცხული, მათ შორის არც ძალის გამოყენებით გზის სავალი ნაწილიდან მათი გაყვანა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და დასავლეთიც ყველაფერს ყურადღებით აკვირდება, მსგავს ფაქტებს ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევენ.

„თუ ასე მოხდა, ეს იქნება „ქართული ოცნებისთვის“ პირდაპირი ვიზა პოლიტიკურ მოუსვლელში“.

კახა კალაძეს კი ამ დრომდე არ განუმარტავს, გაითვალისწინებს თუ არა “სირცხვილიას” თხოვნას აქციამდე 4 საათით ადრე საავტომობილო გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ დაგეგმილ ანტისაოკუპაციო მოძრაობას პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „200 ნაციონალის“ შეკრება უწოდა, ოპოზიცია კი მას დამშვიდებას ურჩევს და დარწმუნებულია, რომ კობახიძე აქციაზე 200 მეტი მოქალაქის ნახვას შეძლებს და ისინი მხოლოდ „ნაციონალები“ არ იქნებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები