LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-7 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნა

268
jansugh-kaxidze

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-7 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით გაიხსნა. სოლისტები: ეკა მამალაძე, ნეკა სებისკვერაძე, ნატო კახიძე, დათო ნოზაძე და გედევან ჯინჭარაძე. კონცერტს მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა. ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

საღამოზე შესრულდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების – არჩილ კერესელიძის, რევაზ ლაღიძის, სულხან ცინცაძის, ბიძინა კვერნაძის, გიორგი ცაბაძის, გია ყანჩელის, ჯანსუღ კახიძისა და ვახტანგ კახიძის პოპულარული სიმღერები სხვადასხვა ქართული კინოფილმიდან.

8 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-7 საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს. საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი შემსრულებლები.
14 მაისს დაგეგმილ კონცერტზე მსმენელი ცნობილი ბრაზილიელი მომღერლის პაულა მორელენბაუმისა და მისი კვარტეტის, ასევე, თბილისის სიმფონიურ ორკესტრის ერთობლივ კონცერტს იხილავს, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.

22 მაისს ფესტივალი გრემის მუსიკალური ჯილდოს მრავალგზის მფლობელის, ბრაზილიელი კომპოზიტორის, მომღერლისა და პიანისტის ივან ლინსის, მისი ბენდისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურება. კონცერტის დირიჟორი – მაესტრო ვახტანგ კახიძე.

ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2015 წელს, ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ – კულტურული ცენტრის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა და ის ყველა ჟანრის მუსიკის მოყვარულისთვის არის განკუთვნილი. პირველი ფესტივალი ცნობილი ქართველი დირიჟორის, ჯანსუღ კახიძის 80 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. ტრადიციულად, ფესტივალი ყოველ წელს იმართება და მისი პროგრამა აგებულია თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით თანამშრომლობაზე. სხვადასხვა წლებში თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობა მიღებული აქვთ მსოფლიო ვარსკვლავებს: The Manhattan Transfer, New York Voices, TAKE 6, Ivan Lins, Bob James, Patti Austin, The Real Group, Dee Dee Bridgewater, Janoska Ensemble. ამასთან, ფესტივალი აქტიურად ეწევა ქართული მუსიკის პოპულარიზაციას და მსმენელს სთავაზობს საინტერესო პროექტებს ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით.

ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-7 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და თბილისის მერია.