ჯანო ანანიძის “სპარტაკი” ევროპის ლიგის მატჩის სათამაშოდ ლარნაკაში ჩავიდა ადგილობრივ აეკ-თან სათამაშოდ და ვერ მოიგო – 1:1. ჩვენთვის კი ეს შეხვედრა იმით არის გამოსარჩევი, რომ ქართველმა ნახევარმცველმა მართლაც რომ გამორჩეული გოლი გაიტანა.
ანანიძემ ანგარიში 39-ე წუთზე გახსნა. მან ბურთი მარცხენა ფრთაზე, კიდეზე მიიღო. საჯარიმოში შევიდა და ცენტრისკენ წამოვიდა. გზად სამი მცველი ჩამოიტოვა, კიდევ ორმა ხელი ვერ შეუშალა და ჯანომ საპირისპირო კუთხეში ისე შეაგდო ბურთი, რომ მეკარემ განძრევაც ვერ მოასწრო.
ჯანო 72-ე წუთზე ქართული გვარის მქონე რუსმა მელქაძემ შეცვალა.
ჯანოს გოლმა რუსებიც აღაფრთოვანა, ტურბოგოლი უწოდეს და მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშით უკმაყოფილოები დარჩნენ და ვიღაცასთან ფრედ რატომ ვითამაშეთო, გაბრაზდნენ.
განმეორებითი მატჩი 4 აგვისტოს მოსკოვში შედგება. იმედი ვიქონიოთ, რომ ანანიძე წელს მაინც ითამაშებს სტაბილურად კლუბში და პროგრესს განიცდის.