საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბი გამოიცვალოს. ამის შესახებ ანანიძემ “კვირის პალიტრასთან” ისაუბრა.
– იანვარში ვარჯიშს კი განაახლებ, მაგრამ რომელ კლუბში? რუსულ პრესაში დაიწერა, “სპარტაკის” დირექტორთა საბჭოს სხდომაზე ანანიძის მომავალზეც იმსჯელესო. მართალია?
– ვერ გეტყვით. ზამთრის შესვენება კარს არის მომდგარი და რუსულ პრესაში ბევრ რამეს წერენ. თუმცა იმ შეხვედრის დეტალები ჩემთვის უცნობია.
– რუსი ჟურნალისტები წერენ, გადაწყვეტილია, რომ “სპარტაკი” ჯანოს ამ ზამთარსვე შეელევაო… იმედია, ასეც იქნება და, ბოლოს და ბოლოს, წახვალ ისეთ კლუბში, სადაც სათამაშო პრაქტიკა გექნება…
– “სპარტაკთან” ჩემი ხელშეკრულების ამოწურვამდე მხოლოდ წელიწად-ნახევარია დარჩენილი. ასე რომ, იჯარა გამორიცხულია, ან მოსკოვში დავრჩები, ან სხვა კლუბში გადასვლის უფლებას მომცემენ. კიდევ ერთხელ ვამბობ – რუსულ კლუბში თამაშს აღარ ვაპირებ, თუ წავალ, მხოლოდ ევროპულ კლუბში. შემოთავაზებები ისევ მაქვს, მთავარია, “სპარტაკმა” გამიშვას!
– “სპარტაკმა” არ გაგიშვა, თორემ იანვარში მითხარი, რომ შენი დამატება ბერძნულ, გერმანულ და ესპანურ კლუბებს სურდათ. ახლა?
– კლუბების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ გერმანული და ჰოლანდიური გუნდებია.