LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმომ COVID-19-ის პანდემიის სტატუსი გააუქმა

158
გებრეისუს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის პანდემიის სტატუსი გააუქმა. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ბრიფინგის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ორგანიზაციის განსაკუთრებული ვითარებების კომიტეტმა რეკომენდაცია მისცა მას ჯანდაცვის სფეროში გლობალური განსაკუთრებული ვითარების დასრულების შესახებ გამოეცხადებინა და მან ეს წინადადება მიიღო.

„დიდი იმედით ვამბობ, რომ COVID-19 დასრულდა, როგორც გლობალური განსაკუთრებული ვითარება ჯანდაცვის სფეროში“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ COVID-19 მთლიანად არ გამქრალა.

„ამ წამს ათასობით ადამიანი მთელ მსოფლიოში რეანიმაციაში ებრძვიან დაავადებას, მილიონები COVID-19-ის შედეგებით ცხოვრობენ. ვირუსი არსად არ მიდის. იგი მცირდება და მუტაციას განიცდის. ჯერ კიდევ არსებობს ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

ჯანმოს ცნობით, მასობრივი ვაქცინაციისა და ახალი, ნაკლებად ლეტალური შტამების გაჩენის შემდეგ, მკვეთრად შემცირდა დაღუპულთა რიცხვი: თუ 2021 წლის იანვარში მსოფლიოში COVID-19-ით დაახლოებით, 100 ათასი ადამიანი გარდაიცვალა კვირაში, 2023 წლის აპრილში – 3,5 ათასი დაიღუპა. სიკვდილიანობის შემცირებამ შესაძლებელი გახადა 2022 წლის განმავლობაში შემაკავებელი ზომების უმეტესობის გაუქმება.

ჯანმოს მონაცემებით, ბოლო სამი წლისა და რამდენიმე თვის განმავლობაში დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი გახდა ამ დაავადების მსხვერპლი. საუბარია ყველა გარდაცვალების შეფასებაზე, ამა თუ იმ გზით, რომელიც დაკავშირებულია ინფექციასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები