ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ჯანმოს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად:
? ამ დროისთვის, უკრაინაში ომით დაზარალებულთა სავარაუდო რაოდენობა 18 მილიონია;
? 18 მილიონი ადამიანიდან 6,7 მილიონი იძულებით გადაადგილებულია ქვეყნის ტერიტორიაზე და დღეს დევნილია;
? ხოლო თითქმის 3-მა მილიონმა ადამიანმა იძულებით დატოვა ქვეყანა და ლტოლვილად იქცა.
როგორც WHO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ორგანიზაცია დღედაღამ მუშაობს, რათა სამედიცინო სერვისების მიწოდების ქსელი გაიხსნას და შენარჩუნდეს უკრაინის ჯანდაცვის სისტემა.
ორგანიზაციაში გამოწვევებზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ სერვისების მიწოდება მნიშვნელოვნად არის შეფერხებული, არ მუშაობს ბევრი სადისტრიბუციო ქსელი, მუდმივი შეტაკებების გამო, მოსახლეობისთვის მიუწვდომელია მარაგები, ასევე იწურება მედიკამენტების მარაგი, საავადმყოფოებში კი დაჭრილების გამოსაჯანმრთელებლად იბრძვიან.
“მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პარტნიორებთან ერთად კოორდინაციას უწევს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას როგორც უკრაინის შიგნით, ასევე მის მოსაზღვრე რეგიონებში და უზრუნველყოფს ტექნიკური და სამედიცინო პერსონალით დახმარებას.
ჯანმო ეხმარება პარტნიორებს, რათა სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელი აღჭურვილობისა და მედიკამენტების დეფიციტი აღმოიფხვრას. საუბარია ჟანგბადსა და ინსულინზე, ქირურგიულ მარაგზე, გადასხმისთვის საჭირო პროდუქტებზე, დეფიბრილატორებზე, მონიტორები, საანესთეზიო პრეპარატებზე.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 5 მარტს კიევს ტეტანუსის საწინააღმდეგო პრეპარატის დაახლოებით 600 დოზა მიაწოდა, ხოლო 36 ტონა სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მასალა გაიგზავნა ლვოვში, საიდანაც ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის დაწესებულებებში ნაწილდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც ჯანმო-ში აცხადებენ, პოლონეთში ჯანმო-ს მხარდაჭერის ცენტრი იქმნება, ორგანიზაცია ასევე აფართოებს მონიტორინგს, რათა დროულად აღმოაჩინოს და შესაბამისად უპასუხოს ეპიდემიოლოგიურ გამოწვევებსა და საფრთხეებს.
WHO-ს ინფორმაციით, 12 მარტის მდგომარეობით, ჯანდაცვის დაწესებულებებზე სულ 31 თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 12 და დაშავდა 34 ადამიანი, აქედან დაშავდა 8 და დაიღუპა ჯანდაცვის 2 მუშაკი იყო.
“ჯანმო კატეგორიულად გმობს ძალადობრივ აქტებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებზე. თითოეული ასეთი თავდასხმა ადამიანებს სიცოცხლის გადარჩენის სერვისებს ართმევს. ჯანდაცვაზე თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების დარღვევაა”, – აცხადებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში.
უკრაინაში ომს უკვე 90 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავებულია 100-ზე მეტი – უკრაინის პროკურატურა
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე