LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო: ჩვენ არ ვართ პანდემიის ტყვეები, მომავალი ჩვენს ხელშია”

240
Capture

“გასული 6 კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევები გაორმაგდა. კვლავ დაიცავით დისტანცია, დაიბანეთ ხელები, თავი აარიდეთ თავყრილობებს და ატარეთ დამცავი ნიღაბი” – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა ბოლო დროს განსაკუთრებულად სწრაფად იზრდება, ამიტომ ქვეყნები და საზოგადოება უნდა მობილიზდეს და არსებული რეკომენდაციები მკაცრად დაიცვას.

ტედროს გებრეიესუსმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად კორონავირუსის გლობალური ეპიდსიტუაციის გაუარესებისა, საზოგადოებას შეუძლია არსებული რეალობის შეცვლა და ვირუსის დამარცხება.

“უკვე 6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსი გამოჩნდა, დღემდე ინფიცირების 16 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 640 ათასი შემთხვევა ფატალურად დასრულდა. სამწუხაროდ, პანდემია განაგრძობს გაძლიერებას. ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ბევრი რამ ვისწავლეთ და ახლაც განვაგრძობთ სწავლას. პანდემიამ მსოფლიო შეცვალა და როგორც ხალხის გაერთიანება, ასევე მათი გაყოფა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო შეიცვალა, კორონავირუსთან ბრძოლისთვის ისეთი ფაქტორებია აუცილებელი, როგორიც არის პოლიტიკური ლიდერობა, საზოგადოების ინფორმირება და კორონავირუსთან ბრძოლაში მათი ჩართულობა. ჩვენ არ ვართ პანდემიის ტყვეები. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია რეალობის შეცვლა. მომავალი ჩვენს ხელშია”, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

 

ჯანმოს დირექტორის განცხადებით, მიმდინარე კვირას საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც  კორონავირუსის პანდემია შეფასდება.

“საერთშორისო მარეგულირებელი წესების თანახმად, მიმდინარე კვირას საგანგებო სიტუაციების კომიტეტს მოვიწვევ, რათა ახალი შეფასება მივცეთ პანდემიას და სათანადო რეკომენდაციები მივიღოთ”, – აცხადებს გებრეიესუსი.