ტყიბულის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შესწავლა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა დაიწყო.
სამინისტროს ინფორმაციით, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები უბედური შემთხვევის ადგილს კომპლექსურად სწავლობენ .
”ადგილზე არიან ინსპექტორები. პირველად მოხდა დათვალიერება,თუმცა ჯერ-ჯერობით საბოლოო დასკვნის გაკეთება შეუძლებელია. მოკვლევაში ჩართული არიან საგამოძიებო ორგანოები და შემოწმებაც კომპლექსურად, ერთობლივად ხდება, რის შემდეგაც დაიდება დასკვნა, რამდენად იყო დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული”, – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ელზა ჯგერენაია.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში გუშინ საღამოს, სატვირთო ლიფტის ბაგირი გაწყდა და შახტაში ჩავარდა. ლიფტში 4 მეშახტე იმყოფებოდა. დაღუპული მეშახტეების ცხედარები ნაპოვნია.