ჯანდაცვის ექსპერტები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს.
განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის და პაციენტის უფლება ჯანმრთელობაზე, სიცოცხლესა და ღირსეულ მოპყრობაზე.
„საქართველომ, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრმა ქვეყანამ, უნდა უზრუნველყოს ყველა პატიმარი სამედიცინო მომსახურების იგივე სტანდარტით, როგორიც ხელმისაწვდომია სამოქალაქო საზოგადოების ყველა სხვა წევრისთვის.
გაეროს განახლებული მინიმალური სტანდარტული წესები პატიმრებთან მოპყრობის შესახებ (იგივე „ნელსონ მანდელას წესები“), თავისუფლება აღკვეთილ პირებზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს და აუცილებელ მოთხოვნად აყენებს, რომ პაციენტს უნდა უმკურნალოს საკმარისი კვალიფიკაციის პერსონალისგან შემდგარმა ინტერდისციპლინარულმა გუნდმა, რომელიც იმოქმედებს სრული კლინიკური დამოუკიდებლობის პირობებში.
პატიმრები, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციალიზებული მკურნალობა ან ქირურგიული ჩარევა, გადაყვანილ უნდა იქნენ სპეციალიზებულ მრავალპროფილურ სამოქალაქო ჰოსპიტალში, რადგანაც ე.წ. ციხის საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს“.
სააკაშვილი შთაბეჭდილების ქვეშაა სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სპეციალისტების ჯგუფის კვალიფიციურობით და თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ - საძაგლიშვილი
„ჩვენ არ ვართ მიჩვეული ადეკვატურ განცხადებებს ირაკლი კობახიძის მხრიდან“ - დიმიტრი საძაგლიშვილი
ექსპერტთა ჯგუფი განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს იმ სტანდარტებზე, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა აკმაყოფილებდეს მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება:
- გადაუდებელი სამედიცინო დახმარების IV დონე (თერაპიული, ქირურგიული, ნეიროქირურგიული, ტრავმატოლოგია-ორთოპედიული, რეანიმატოლოგია-ანესთეზიოლოგიური სერვისები);
- ინტენსიური მოვლის I, II და III დონე (მართვითი სუნთქვა, სასიცოცხლო ფუნქციების აპარატული მხარდაჭერა, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია);
- ქირურგიული სერვისების III დონე (I, II, III, IV და V კატეგორიის ქირურგიული ჩარევები);
- ტრავმის/დაზიანების მართვის IV დონე (ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია-ორთოპედია, ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია, ნეიროქირურგია, ნევროლოგია, კარდიოლოგია, ენდოსკოპია, რადიოლოგია (კომპიუტერული ტომოგრაფია ან/და მაგნიტურ-ბირთვული რეზონანსი), ლაბორატორიული სამსახური, სისხლძარღვთა, თორაკალური და პლასტიკური და რეკონსტრუქციულ-ქირურგიული სერვისები);
- კარდიოლოგიური სერვისის III დონე (კარდიოქირურგიული ოპერაციები);
- ნევროლოგიური სერვისის III დონე (სრულ ნევროლოგიურ სერვისთან ერთად ნეიროქირურგიული და რადიოლოგიური სერვისები).
ჯანდაცვის ექსპერტთა ჯგუფი განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ მათი მიმართვა მოკლებულია ყოველგვარ პოლიტიკურ კონიუნქტურას, ეფუძნება პაციენტის ჯანმრთელობის რეალურ საფრთხეს, პროფესიულ, ჰუმანურ და გლობალურ რეპუტაციულ პრინციპებს.
„ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაუყონებლივ გადაყვანილი იქნას მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც საჭიროების შემთხვევაში გაეწევა ნებისმიერი პროფილის, დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და ამით დაცული იქნება მისი სიცოცხლის უფლება“, – ვკითხულობთ მიმართვაში.
ექსპერტთა განცხადებას ხელს აწერენ:
ანდრია ურუშაძე, ალექსანდრე კვიტაშვილი, გიგი წერეთელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ლევან ჯუღელი, ირაკლი გიორგობიანი, ვახტანგ სურგულაძე, სერგო ჩიხლაძე, გიორგი გოცაძე, მიხეილ დოლიძე, ვარლამ მოსიძე, მანანა ჯებაშვილი, გიორგი კავკასიძე, ლევან მეტრეველი, ლევან ფერაძე, ეთერ ყიფიანი, ნინო მირზიკაშვილი, ქეთევან გოგუაძე, ივდით ჩიქოვანი, მზია ტაბატაძე, დათო ოთიაშვილი, ირმა კირთაძე, თამარ ლობჟანიძე, ნათია ლანდია, მარიამ ლობჟანიძე, ვასილ ტყეშელაშვილი.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 8 ნოემბრიდან იმყოფება გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, შიმშილობა 1 ოქტომბერს გამოაცხადა ჯერ კიდევ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას.
11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება გაითვალისწინოს და შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ მე-18 დაწესებულებას აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა მედიცინის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც 16 ნოემბერს გაეცნო მე-18 დაწესებულების შესაძლებლობებს და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, 17 ნოემბერს გამოაქვეყნა დასკვნა იმის შესახებ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და მისი მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს”ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს”.