ჩვენ ვიდგებით იქ, სადაც „ლელოს“ ადგილია – ეს არის ალტერნატივა საზოგადოებისთვის, – აცხადებს ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.
ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებას არ სჭირდება ყველა ერთად, რაღაც ხელოვნურ ერთობაში.
ამასთან, ჯაფარიძე იმასაც ამბობს, ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები და კოორდინაცია აუცილებელია. მისივე სიტყვებით, ოპოზიციის საერთო ამოცანაა, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 43% ვერ აიღოს და რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნოს, რაზეც „ლელო“ მთელს ძალისხმევას გაიღებს.
“ჩვენ ისე ვიმოქმედებთ, რომ ოპოზიციურმა ძალებმა რაღაც ხელოვნური ერთეული კი არ შეკრან, არამედ ერთმანეთი შეავსონ. აუცილებელია საზოგადოების დაკვეთა გავითვალისწინოთ – დაკვეთაა ოპოზიციამ „ქართული ოცნება“ დაამარცხოს და ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს. ეს იმას გულისხმობს, რომ ოპოზიციას ფართო შეთავაზება უნდა ჰქონდეს. ეს არის გამარჯვების გასაღები“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.