თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგს განაგრძობს.
საკრებულოს დეპუტატმა მთაწმინდის გამგებლის მოადგილე ბადრი ხვადაგიანთან ერთად დღეს შინდისსა და წავკისში განხორციელებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც ჯაბა ჯიშკარიანმა აღნიშნა, ადგილობრივ მცხოვრებლებს სკოლაში შემოვლითი გზით უწევდათ სიარული, აღნიშნული მონაკვეთის აღდგენით კი, ბავშვებისთვის მანძილი მინიმუმ 2 კილომეტრით შემცირდა.
“შინდისში კაპიტალურად მოეწყო მერანის ქუჩა, რომლის მეშვეობითაც ორი ერთმანეთისგან მოწყვეტილი მოსახლეობის მიერთება განხორციელდა.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მთლიანად გამოიცვალა შიდა კომუნიკაციები, მოწესრიგდა ხევიდან გამდინარე სანიაღვრე სისტემა და 4 ათას კვ.მ ფართობზე დაიგო გზის ახალი საფარი”, – აცხადებენ საკრებულოში.
მათივე განმარტებით, საკრებულოს დეპუტატმა და გამგეობის წარმომადგენლებმა დღესვე წავკისში მდებარე ვ. გორგასლისა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქუჩებიც დაათვალიერეს.
ბადრი ხვადაგიანის განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფარი საერთოდ არ არსებობდა, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე კი უკვე დაიგო 6 ათასი კვ.მ. ფართობის გზა და კაპიტალურად მოეწყო სანიაღვრე ქსელი.
“ანალოგიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები კოჯორში და კიკეთში მდებარე რამდენიმე ქუჩაზეც განხორციელდა”, – განმარტავენ საკრებულოში.