დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე პრინციპების განხილვა მოხდა, შემდეგ შეხვედრაზე გაგრძელდება დისკუსია თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა აისახოს კანონპროექტში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, სასამართლო რეფორმის ფარგლებში გამართული საინიციატივო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მომდევნო შეხვედრა უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ჩაინიშნება. “იყო საუბარი ყველა დეტალზე, რომელიც პრინციპული მნიშვნელობისაა. დღეს, ბუნებრივია, გადაწყვეტილებებს ვერ გამოვაცხადებთ. უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში დაიგეგემება შემდეგი შეხვედრა“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაიმართა შეხვედრა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე იმსჯელეს. სამუშაო ჯგუფში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.