ალბათ არავინ იფიქრებდა იმ სახლის ყიდვას, რომლის სახურავიდანაც წვიმა ჟონავს, იატაკი სიარულისას ჭრიალებს და კედლები გაბზარულია. თუმცა ყველას დააინტრიგებდა განცხადება, რომელიც იწყება სიტყვებით: „იყიდება ქუჩის ყველაზე ცუდი სახლი“...
მაკლერმა ფილიპა მეინმა, რომელიც დიდხანს ცდილობდა სახლის აღსაწერად შესაფერისი სიტყვების პოვნას, გადაწყვიტა დაეწერა ყველაზე გულახდილი განცხადება ფლორიდაში მდებარე სახლის შესახებ, რომლის მეპატრონეებმაც იგი სახლის გასაყიდად დაიქირავეს.
„ვიდრე განცხადებას ვებ-საიტზე განვათავსებდი მეპატრონეებს ვკითხე, თუ როგორ აღწერდნენ თავად ამ სახლს. მათ იხუმრეს, რომ ეს ქუჩის ყველაზე მახინჯი და ცუდი სახლია, ამიტომ კლიენტების მოსაზიდად განსაკუთრებულს ვერაფერს იტყოდნენ. მართლაც, მას შემდეგ, რაც სახლში ფეხი შევდგი დავრწმუნდი, რომ მათი ხუმრობა რეალობასთან სრულ შესაბამისობაში იყო”. – განაცხადა მეინმა მედიასთან საუბრისას.
„გსურთ იყიდოთ ქუჩის ყველაზე უარესი სახლი? მართალია სახურავიდან წვიმა ჟონავს, იატაკი სიარულისას ჭრიალებს და კედლები გაბზარულია, ხოლო რამდენიმე შუშა ჩამტვრეული, მაგრამ სამაგიეროდ სინათლე კარგად შემოდის. თუ ეძებთ სახლს, რომლის უცნაური და საშიში ენერგიაც შორიდანვე ყვირის, თქვენ სწორ მისამართზე მოხვდით. გსურთ იყიდოთ სახლი და მაშინვე დაანგრიოთ? – ეს თქვენი შანსია“ – იუწყებოდა განცხადება.
ფილიპა მეინის თქმით, მის განცხადებას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ვებ-საიტზე realtor.com, ასევე სოციალურ ქსელებში და დიდი ალბათობით, „მონსტრ- სახლს“ ახალი მფლობელი უკვე კვირის ბოლოს ეყოლება…