„თითქმის ყოველ კვირაში დაახლოებით ორასამდე მასწავლებელს ვხვდები, პირადად ვისმენ მათ მოსაზრებებს და ვუზიარებ ჩემს ხედვებს“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, განათლების სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ მასწავლებლებს პროფესიაში ჰქონდეთ ღირსეული აღიარება, ამ პროფესიის პრესტიჟი, რომელიც გამყარებული უნდა იყოს სწორი, სამართლიანი სახელფასო პოლიტიკით და კარიერული ზრდის სქემით, რომელსაც სისტემა ახლა პირველად გადის.
სტატუსის ასამაღლებელ გამოცდაზე მასწავლებლებს რეგისტრაციის ვადა 2024-მდე გაუგრძელეს – მინისტრის განმარტება
„ჩვენი მთავარი ამოცანა არის განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც, პირველ რიგში, მასწავლებლის პროფესიის აღიარებით, დაფასებით და მათთვის შესაბამისი სამუშაო გარემოსა და პირობების შექმნით უნდა დავიწყოთ“ - ამბობს გიორგი ამილახვარი.
„ჩვენ გვინდა, დავაკვირდეთ პროცესს, რომელიც ახლა მიდის. იწყება გასაუბრებების ეტაპი და ვფიქრობ, სწორედ ცოცხალი პროცესი გამოაჩენს ყველაზე ნათლად იმ მიმართულებებს, რომლებიც კარგია, უნდა განვავითაროთ და იმ მიმართულებებს, რომლებიც, შესაძლოა, გარკვეულ გადახედვას საჭიროებდეს. მასწავლებლებთან დაკავშირებით ვართ ამ პროცესში.
ზეგაც მაქვს მათთან შეხვედრა და შემდგომ ვიწყებ უკვე რეგიონებში გასვლას. ჯერ თბილისში თითქმის ყველა სკოლის წარმომადგენლებთან ვცადეთ შეხვედრა, რომ არცერთი სკოლა არ დარჩენილიყო და უკვე იქითა კვირიდან გავდივართ რეგიონებში, სადაც პირველი ქუთაისი იქნება“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, ეს პროცესი არ გაჩერდება, ის არ შეეხება მხოლოდ მასწავლებლებს, შეეხება უნივერსიტეტებს, სტუდენტებს, პროფესორებს და ყველა გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღება.