LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივნისიდან ვარაზისხევსა და კოსტავას ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება ორმხრივი გახდება – მიზეზი მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციაა

242
bzamochra (3)

თბილისის მერია ივნისიდან, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს.

როგორც კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მელიქიშვილის გამზირი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პერიოდში მთლიანად ჩაიკეტება, ხოლო საზოგადოებას მომდევნო დღეების განმავლობაში მიეწოდება ინფორმაცია ტრანსპორტის გადაადგილების სქემის შესახებ.

„ივნისის დასაწყისში გვინდა დავიწყოთ მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია, სადაც უმძიმეს მდგომარეობაშია მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. გზის საფარსაც ეტყობა ეს უკვე, თუ როგორ არის გზა კონკრეტულ მონაკვეთებში ჩავარდნილი. ეს იქნება ჭავჭავაძის გამზირის გაგრძელება და მთლიანად კეთილმოწყობილი იქნება ეს სივრცე. მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი. თქვენ იცით, რომ სადაც შევდივართ, გვინდა მთლიანად შეიცვალოს საკომუნიკაციო ქსელი, რომ ათეულ წლებს გაუძლოს და შემდგომ პრობლემები არ იყოს. მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა.

მიწის ქვეშ განთავსდება საჰაერო კაბელები, რომელიც ვიზუალურადაც პრობლემას წარმოადგენს და არაკომფორტულია. დამონტაჟდება ახალი ბოძები თავისი თანამედროვე ლედ ტიპის განათებით. დაიგება ასფალტის ახალი საფარი. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, მოეწყობა ახალი მოსაცდელები, ველობილიკი, ნარჩენშემკრები ურნები, არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის. სამუშაოების დაწყებას ვაპირებთ ივნისის დასაწყისში. მანამდე მივაწოდებთ საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას, თუ როგორ იქნება მიმდებარე ქუჩებზე და ქალაქში გადაადგილების შესაძლებლობა.

მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია – რენდერი

ეს კონკრეტული მონაკვეთი აუცილებლად უნდა ჩაიკეტოს, რადგან მიწისქვეშა სამუშაოები ვაწარმოებთ დროულად. ვარაზის ხევსა და კოსტავას ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ორივე მიმართულებით. დეტალურ ინფორმაცია საზოგადოებას მომდევნო დღეების განმავლობაში მიეწოდებათ.

მესმის, რომ ეს გარკვეულ პრობლემებს შექმნის გადაადგილების კუთხით ქალაქში, მაგრამ არ გვაქვს დასაკარგი დრო, გვაქვს უამრავი პრობლემა, რომელსაც მოგვარება და მოწესრიგება სჭირდება. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ერთი პროექტის დასრულების შემდეგ გავაკეთოთ მეორე“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები