რა ბერკეტები არსებობს ქვეყანაში იმისთვის, რომლითაც 12 პუნქტში მოცემული ერთ-ერთი საკითხის – დეოლიგარქიზაციის მოგვარება იქნება შესაძლებელი? ამ საკითხზე კომენტირებისას ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებას ეთანხმება, რომლის მიხედვით უნდა შეიზღუდოს პოლიტიკურ თანამდებობებზე ყოფნა მის ბიზნესებში მომუშავე თანამშრომლებს.
როგორც „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ანალიტიკოსმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირებს გარკვეულწილად უნდა შეეზღუდოს უფლება დაიკავონ თანამდებობები.
„არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ადამიანებმა თანამდებობები დაიკავეს არა პირადი ნიჭის წყალობით ან პატრიოტული გრძნობების წყალობით, არამედ იმისთვის, რომ ისინი ივანიშვილთან დაახლოებული პირები არიან. ეს ქვეყნის განვითარებას უქმნის პრობლემას.
ბიზნესს რომ შევეხოთ, ხდება ისე, რომ ცხადდება ტენდერები, ვერ ასრულებენ და იწყება ფულის გათეთრება. ბოლო კვლევებით, 320 მილიონზე მეტი მიიღეს ივანიშვილთან დაახლოებულმა კომპანიებმა, რომლებიც შემდგომში თანხებს რიცხავენ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ისინი არ არიან ბიზნესმენები, ისინი არიან პატარა ოლიგარქუნიები“, – განაცხადა ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ.