ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მას ერთადერთი ოპოზიციური ძალა ჰყოლოდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით -ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში განაცხადა. მისი თქმით, ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ დაიმსახურეს ერთმანეთი.ასევე, მიროტაძე აღნიშნავს, რომ საკუთარ ამომრჩეველს ვერ მოუწოდებს მხარი დაუჭიროს მეორე ტურში გადასულ რომელიმე კანდიდატს.
„ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო ის, რაც მათ დაიმსახურეს, ანუ, მათ დაიმსახურეს ერთმანეთი. ამისთვის ყველაფერი გააკეთა პირადად ბიძინა ივანიშვილმა, რომ მას ჰყოლოდა ერთადერთი ოპოზიციური ძალა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ვინაიდან, ეტყობა ის ფიქრობდა, რომ დისკრედიტებული ოპოზიციური ძალის პირობებში მათი შეცდომები ნაკლებად გამოჩნდებოდა და მუდმივად გაჭრიდა ეს ცხრა წელი. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ძალიან მარტივად უთხრა მას, რომ აღარ გაქვს ჭარბი ნდობა, საფრთხობელა აღარ მუშაობს, იმიტომ, რომ ის საფრთხობელა ჩვენ გამოვცადეთ ჩვენს ოჯახებზე და ახლა ხალხი გეკითხება შენ, ბიძინა ივანიშვილს პირადად, პასუხისმგებლობა რომ აიღე ამ ქვეყანაში განვითარებაზე, სად არის ეს განვითარება და ეს არ არის. ვინაიდან არ არის ეს განვითარება და ვინაიდან ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვერავის მოვუწოდებთ რომელიმეს დაუჭიროს მხარი“,- განაცხადა მიროტაძემ.