ყოფილი პრემიერმინისტრისა და პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილი მისთვის “ტონალობით იყო აბსოლუტურად” მიუღებელი. გახარიას თქმით, განცხადებაში ერთი სიმართლე იყო, რომ “გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი არ არის”. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მმართველი ძალის დღევანდელ ხელმძღვანელობას მის პარტიასთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს, არც ინტელექტუალური და არც მორალური. „სამწუხაროდ, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა“, – აღნიშნა მან და დააზუსტა, რომ ის გულისხმობს პარტიის დღევანდელ ხელმძღვანელობას და არა ბიძინა ივანიშვილს.
გახარიას თქმით, ეს განცხადება, შექმნილია პირველ რიგში იმისთვის, რომ პოლიტიკურ ველზე ჰქონდეს ზეგავლენა.
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტია “ქართული ოცნების” “სატელიტი” პარტია არ არის, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას აკრიტიკებს და მის გადადგომას გუნდისა და სახელმწიფოს მიმართ ღალატად აფასებს. ამ შინაარსის განცხადება მისი სახელით ფონდმა “ქართუმ” გაავრცელა.