LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ივანიშვილის პოლიტიკური მარიონეტების თეატრის მსახიობები არიან“ – ვინ უჭერს და ვინ არა ომბუდსმენის პოსტზე იოსელიანის კანდიდატურას

124
Untitled design

პარლამენტს სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის კანდიდატურა ოფიციალურად წარედგინა.

პარტია „მოქალაქეები“ სახალხო დამცველობის კანდიდატად ლევან იოსელიანს წარადგენს

იოსელიანის კანდიდატურა განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, სახალხო დამცველის არჩევა ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის ნაწილია და მნიშვნელოვანია, რომ პროცესის სწრაფად წარიმართოს.

მისივე თქმით, კომიტეტს ამის მზაობა აქვს.

დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანდიდატის დასახელების სურვილი თუ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც აქვთ, მათ ამის შესაძლებლობა აქვთ, სანამ საკითხს კომიტეტი განიხილავს და გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს გადასცემს.

სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, მოგვიანებით განცხადებები გაკეთდა როგორც მმართველი გუნდის, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდანაც.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, ის ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს:

„წინა პროცესი ჩაიშალა და ახალი მოლაპარაკებების დაწყებაა საჭირო. ბევრჯერ გვითქვამს, რომ პოლიტიკური ფიგურა არ უნდა იყოს, მაგრამ ვფიქრობ, კონსენსუსისთვის საჭიროა კომპრომისი. ჩემი მხრიდან ეს კომპრომისია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსია, პოლიტიკას დატოვებს და ჩემი ხმა ამ კანდიდატურას ეხება“, – თქვა მან.

განსხვავებული პოზიცია აქვს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს, პაატა მანჯგალაძეს, რომელიც ფიქრობს, რომ სახალხო დამცველი არ შეიძლება, ოპოზიციის ან ხელისუფლების წარმომადგენელი იყოს:

„აქამდე ლევან იოსელიანზე ვიცოდი და დღესაც ვიცი, რომ ოპოზიციის მხრიდან ვიცე-სპიკერია. სახალხო დამცველთან დაკავშირებით ყველა საუბრობდა, რომ ის მხარე არ შეიძლება იყოს, ახლა რა გამოდის? ლევან იოსელიანი რომ ვიცე-სპიკერია ოპოზიციიდან, ოპოზიცია არ არის, ვიცე-სპიკერი არ არის და მაშინ ვინ არის, ვინ გამოდის? მის ადგილზე შემრცხვებოდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა გამოეხატა რომელიმე პოზიციაზე“, – თქვა პაატა მანჯგალაძემ.

ოპოზიციური პარტია „ლელოს“ დეპუტატი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობამ გადაწყვიტა, სხვა კანდიდატები არ დასახელდეს:

„ლევან იოსელიანის კანდიდატურის გარდა სხვა კანდიდატების დასახელება აღარ შეიძლებაო და რატომ არ შეიძლება? ვინ თქვა, რაიმე ვადა კრძალავს?.. ამას დავუპირისპირებთ კანონიერ კანდიდატს და პროცესს. გუშინ, როცა ბიუროს ჩანიშვნის თაობაზე გავიგეთ, ჩემს კოლეგებს ვარწმუნებდი, ამაზე ეს ხალხი არ წავა-მეთქი და შევცდი, კოლეგებო. როდის დავასახელებთ და ვინ იქნება, ამაზე მზად ახლა არ ვარ, მაგრამ ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ“, – ამბობს დავით უსუფაშვილი.

სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატის დასახელებას ეხმიანება პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილიც:

„ვინც ლევან იოსელიანს დაუჭერს მხარს, ის მხარს უჭერს დემოკრატიის გაუქმებას საქართველოში – ისინი ივანიშვილის პოლიტიკური მარიონეტების თეატრის მსახიობები არიან!..

ამ მხრივ, პროცესი კარგია, რადგან ხდება „ქოცებთან“ შეკრული ვითომ ოპოზიციის გამოაშკარავება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ეს კონკრეტული ძალები და პიროვნებები, ვინც დღეს ისე იყიდება, როგორც კიტრი „დეზერტირების“ ბაზარში, არც პარლამენტში და არც პოლიტიკურ სივრცეში აღარ აღმოჩნდნენ“, – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

რაც შეეხება მმართველი გუნდის წარმომადგენლების პოზიციას, როგორც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, „დარწმუნებული არ არის, რომ იოსელიანს მხარს დაუჭერენ“:

„პოლიტიკოსია და შესაძლოა, მისი კანდიდატურა მიუღებელი იყოს, მაგრამ ამ ყველაფერს მისი კანდიდატურის განხილვის შემდეგ გადავწყვეტთ. მისგან ვითხოვთ მიუკერძოებლობას, პოლიტიკური წინაპირობებისგან გათავისუფლებას“, – აცხადებს ვოლსკი.

თბილისის მერი კახა კალაძე კი ომბუდსმენის სწრაფად არჩევის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ 12-პუნქტიანი გეგმიდან ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ ეს მიმართულებაა:

„ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ დათქმა ზედმიწევნით იყოს შესრულებული, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი თუ არ იქნება, შეიძლება, ყოველთვის მიკერძოებული იყოს, ეს მათი მიდგომა და დამოკიდებულებაა, მესმის კარგად. მესმის მათი განწყობა, დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ისინი არ არიან ხელისუფლებაში, ყველაფერი წყალს წაუღია, საერთოდ არ აინტერესებთ არც ხალხი, არც ქვეყანა“, – ამბობს კახა კალაძე.

ცნობისათვის, სახალხო დამცველის არჩევის პროცესი, რომელიც გასული წლის დეკემბერში მიმდინარეობდა, ჩავარდა. 

პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია – „ქართულმა ოცნებამ“ წარდგენილ 3 კანდიდატს მხარი არ დაუჭირა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები