LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი მძიმე, შეუსრულებელ ამოცანას შეეჭიდა გუშინ და ცხადია, ვერ შეასრულა – დავით უსუფაშვილი

73

ოპოზიციურ პარტიებში ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს აფასებენ და მას მწვავედ აკრიტიკებენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ ივანიშვილის აზროვნება მოძალადეობრივი და კრიმინალურია. ამ ყველაფრის საფუძველს კი მათ ის განმარტებები აძლევთ, რაც ექსპრემიერმა გუშინდელ ინტერვიუში ქვეყანაში არსებულ ყველაზე მწვავე საკითხებზე გააჟღერა.

ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ „ევროპულ საქართველოშიც“ და აცხადებენ, რომ ივანიშილი პირდაპირ მიუთითებს საზოგადოებას, რომ იქნებიან ისე, როგორც მხოლოდ მას სურს.

„შენების მოძრაობის“ ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით უსუფაშვილი კი „ფორტუნასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ გუშინდელი განცხადებებისას ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ლიდერის სახით აღარ ჩანდა.

„მემგონი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არჩევნებამდე 3 დღეა დარჩენილი და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, საკუთარი კანდიდატისთვის თავისებური მხარდაჭერა გამოეცხადებინა. მთელი ეს ინტერვიუ და ალიაქოთი სწორედ ამას ემსახურებოდა. მე აქ ვერც ლიდერი ვნახე, ვერც ქვეყნის პრობლემების კარგად მცოდნე ადამიანი და მითუმეტეს, ვერც ამ პრობლემების მომგვარებელი პირი, რომელსაც აქვს კითხვებზე პასუხი და აქვს გამოსავალი შექმნილი კრიზისიდან. ის ცდილობდა, დაერწმუნებინა „ქართული ოცნების“ ყოფილი ამომრჩეველი, რომ მათ არ მიატოვონ „ქართული ოცნება“ და მათი კანდიდატი – სალომე ზურაბიშვილი. ივანიშვილი დებდა პირობას, რომ ერთ წელიწადში გააკეთებს იმას, რაც შვიდ წელიწადში ვერ შეძლო, ანუ საკუთარ მმართველ გუნდს პოლიტიკურ პარტიას დაამსგავსებს და მისი ქვეყანაში მმართველობა ეფექტური გახდება,“ – განაცხადა „ფორტუნასთან“ დავით უსუფაშვილმა.

გუშინ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ. უფრო მეტიც, მის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ თანაგუნდელებს ურჩია, რომ „ნუ ეცდებიან კეკლუცობას“ და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ეს კი იმ ფონზე, როცა აგვისტოს ომზე გაკეთებული განცხადების გამო, ზურაბიშვილი დღემდე მწვავე კრიტიკის ცენტრშია. კითხვაზე, ამგვარმა განცხადებებმა დააზიანა თუ არა „ქართული ოცნების“ შანსები არჩევნებზე, უსუფაშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს კიდევ უფრო მეტად დანაწევრებულია, ვიდრე ოდესმდე ყოფილა.

„არჩევნების წინ, ივანიშვილი ცდილობს, როგორმე თავი მოუყაროს ამ დაქუცმაცებულ გუნდსაც და საამომრჩევლო ელექტორალურ ბაზასაც. ამასობაში, რაც „ქართულ ოცნებას“ საკუთარ კანდიდატთან სჭირს, ეს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ, როგორც თავად სალომე ზურაბიშვილმა, ისე ბიძინა ივანიშვილმა, რადგან მათ გადაწყვიტეს უპრეცედენტო ფარსი გაეთამაშებინათ მთელი საზოგადოების წინაშე, რომ თითქოს ეძებდნენ დამოუკიდებელ კანდიდატს, თითქოს მანამდე ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონიათ და ერთ მშვენიერ დღეს გაუბრწყინდათ გონება – აი, ესაა ის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც „ოცნება“ მხარს დაუჭერდა. ახლა კი ვხედავთ იმას, რომ „ოცნება“ ყველა გზით – ნებადართულითაც და წითელ ზღვარს მიღმა მყოფითაც, ცდილობს, საკუთარი კანდიდატის გამარჯვების უზრუნველყოფას. ამ პრობლემების დაყვანა “რუსთავი 2”-ის მიკერძოებულ გადაცემებამდე, არის უბრალოდ არასწორი. „რუსთავი 2“ რომ მიკერძოებულია, ეს ვიცით ძალიან ბევრი წელია, მაგრამ ივანიშვილმა გუშინ გვითხრა, რომ „რუსთავი 2“ მართავს ქვეყანას და არა „ოცნება“, მთავრობა და ხელისუფლება. ამ სრულ ქაოსში ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკურ ძალებს, პოლიტიკოსებს ეკისრებათ გაათმაგებული პასუხისმგებლობა. ჩვენ არ უნდა დავტოვოთ ქვეყანა ერთი ადამიანის პოლიტიკური კეთილგონიერების, პასუხისმგებლობების იმედზე. დანარჩენმა რამდენიმე მილიონმა ადამიანმა უნდა ასევე, ვიზრუნოთ ქვეყნის გადარჩენაზე, ამას კი ხელისუფლების შეცვლა სჭრიდება,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რაც შეეხება ივანიშვილის გუშინდელ მთავარ გზავნილებს, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე ამბობს, რომ მან მთელი ეს დრო მიუძღვნა ოთარ ფარცხალაძის დაცვას და ამით ხაზი გაუსვა იმას, თითქოს ეს ადამიანი არაფერშია დამნაშავე, თვითონ კი არის ქვეყნის არაფორმალური მმართველი. დავით უსუფაშვილის თქმით, კი სრულიად ცალსახაა, რომ ივანიშვილი ძალიან კარგად ხედავს პრობლემებს, მაგრამ არ აქვს პრობლემების გადაჭრის გზა.

„სწორედ ამიტომ ცდილობს ის პრობლემების მიჩქმალვას. ცდილობს, რომ ის პრობლემები, რასაც თვითონაც ხედავს, საზოგადოებამ არ დაინახოს ან თუ საზოგადოება ხედავს, ეს ხალხი დაარწმუნოს, რომ ეს პრობლემები ყალბია და “რუსთავი 2”-ისა და ოპოზიციის მოგონილია. ამ მძიმე, შეუსრულებელ ამოცანას შეეჭიდა გუშინ ივანიშვილი და ცხადია, ვერ შეასრულა. მოსახლეობამ საკუთარი თვალებით და ყურებით დაინახა და მოისმინა ის პრობლემები, რაც არის, მათ შორის, ფარცხალაძის და მისნაირი ჩინოვნიკების დაუსჯელობის თემა. ამ პატარა ქვეყანაში არასოდეს არაფერი დამალულა და არც ახლა იმალება, ამიტომ ეს ყოველგვარი მცდელობა, რომ ხელი დააფაროს ყველაფერს, ამ თემებზე ივანიშვილის გამოსვლა, ჩემი აზრით, იყო ცეცხლზე ნავთის დასხმა მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, განსაკუთრებით შეჭირვებული ფენებისთვის,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე შეფასებით, თუ ივანიშვილმა ერთ წელიწადში ყველაფერს თავის სახელი დაარქვა, მისთვის სასურველ სურათს ქვეყანაში ვერ მიიღებს.

„ყველაფრისთვის თავის სახელის დარქმევა ნიშნავს იმ პრობლემების კიდევ უფრო მეტად გამომზეურებას, რაც რეალურად ქვეყანაში არსებობს. ამიტომ, ერთი წლის განმავლობაში ქვეყანას რა გამოიყვანდა განსაცდელიდან? გამოიყვანდა დღესვე გაცხადებული პოლიტიკური ამოცანა, დღის წესრიგი, რომ 2019 წლის ოქტომბერში ჩატარდება პროპორციული საარჩევნო სისტემით საპარლამენტო არჩევნები. ვადამდელი არჩევნები არის კონსტიტუციური გადაწყვეტილება, რომელსაც ქვეყნები მიმართავენ პოლიტიკური კრიზისების დროს,“ – დასძინა დავით უსუფაშვილმა.