რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რუსთავი 2-ს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ოლიგარქი მათ ვერც გააქრობს და ვერც მოისყიდის.
“მადლობა რომ იბრძვით, რომ არსებობთ და ასეთი მაგრები ხართ. მთელი საქართველო თქვენთან ვალშია. ზუსტად ვიცი, რომ ოლიგარქი ვერ გაგაქრობთ ფიზიკურად და ვერ მოგისყიდით, ვერ ჩაგაკმენდინებთ ხმას. დარწმუნებული ვარ, იპოვით გზას, რომ გააგრძელოთ, რასაც აქამდე აკეთებდით. ხალხს სჭირდებით ახლა როგორც არასდროს, უფრო მეტად, ვიდრე ადრე. აქ ევროპაზე აქცენტი სრულიად ზედმეტია. უბრალოდ ევროსასამართლომ ვერ გაუწია წინააღმდეგობა იმას, რაც ივანიშვილმა სასამართლო წესით უკვე გააკეთა, რა უბედურებაც მან ჩაიდინა ე. წ. ქართულ სასამართლოში. ძალიან მალე, როგორც კი ივანიშვილი მოშორდება, მისი კონტროლი აღარ იქნება სასამართლოზე, ეს უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილებები შეიცვლება. ახლა ყველამ უნდა ვიმუშავოთ ამაზე, რომ ეს მომენტი, როცა ივანიშვილი მოშორდება, ძალიან მალე დადგეს. ეს მომენტი, გპირდებით მე თქვენ, დადგება მალე, მე ამაზე დღე და ღამე ვმუშაობ, მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი სხვა ადამიანია ჩართული და ვიცი, რომ ივანიშვილის საქმე წასულია. მთავარია ეს გარდამავალი პერიოდი იყოს სწრაფი და მაქსიმალურად უმტკივნეულო. მისი წამზომი ჩართულია და მე ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხის გამარჯვებას არ აქვს ალტერნატივა და რუსთავი 2 ისევ იქნება თავისუფალი”, – ამბობს სააკაშვილი.