LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლარული მემკვიდრეობა წიგნად გამოიცემა

104
თსუ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის – ანასტასია ჯამბაკურ–ორბელიანის ეპისტოლარულ მემკვიდრეობას წიგნად გამოსცემს.

წიგნი, რომელიც ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის პირად არქივს დაეფუძნება, კასპის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ფოსტის ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდება. გამოცემას ექნება აკადემიური ხასიათი, მომზადდება პირთა საძიებელი და კომენტარები.  მკითხველი წიგნში ივანე ჯავახიშვილს – უნივერსიტეტის დამაარსებელსა და ქართველ ისტორიკოსს, განსხვავებული რაკურსით გაიცნობს.

ახალი გამოცემის შესახებ ერთობლივი თანამშრომლობის მემორანდუმს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმებზე ხელმოწერის ღონისძიება  კასპის რაიონ სოფელ ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა.

„მემორანდუმის შედეგად გამოცემული წიგნით ივანე ჯავახიშვილს გავიცნობთ როგორც ოჯახის წევრს, როგორც მეუღლეს და როგორც მამას.  მნიშვნელოვანია, რომ ამ ინიციატივას კასპის მუნიციპალიტეტი და საქართველოს ფოსტაც შემოუერთდნენ. ეს ყოველივე კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებით ასრულებს  საზოგადოებისთვის მსახურების მესამე მისიას,“–  განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა.

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის ლევან ჩიკვაიძის თქმით, ახალ გამოცემაში წარმოდგენილი იქნება ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის პირადი მიმოწერა:

„გამოცემა საშუალებას მისცემს მკითხველს, უფრო ახლოს გააცნონ ამ ორი დიდი ადამიანის დამოკიდებულებები იმ დროის მიმდინარე მოვლენებზე, ერთმანეთთან და დანარჩენ საზოგადოებასთან მიმართებაში,“– აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.

კასპის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების  გაერთიანების დირექტორის ეთერ ჩადუნელის ინფორმაციით, „ახალი გამოცემა ივანე ჯავახიშვილის ცნობადობას კიდევ უფრო აამაღლებს. ეს წიგნი ჩვენი მუზეუმისთვის მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან   ვიზიტორები მისი საშუალებით, უკეთ გაეცნობიან ივანე ჯავახიშვილს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პიროვნების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში, სტუდენტებში გაიზარდოს, ეს ცოდნა ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის – ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის  პირად არქივებზე. ნაშრომის კონსულტანტია ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილი თარხუჯ ჯავახიშვილი.

ხოვლეში გამართულ ღონისძიებაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხოვლეს საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები, ხოლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის   წევრებმა კი, სკოლას ტექნიკა და სასკოლო თვალსაჩინოება გადასცა.