LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის სახლში გადატანილ კომუნალურ სერვისებზე მოქალაქეთა მიმართვიანობა გაიზარდა

188
fot (1)

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე, ლაშა ლობჯანიძე იუსტიციის სახლში გადატანილი კომუნალური სერვისებით მოქალაქეთა დაინტერესების მაჩვენებლებს გაეცნენ. ბოლო მონაცემებით, იუსტიციის სახლში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 74 418 მოქალაქემ ისარგებლა. გასული წლის მონაცემებთან შედარებით, კომუნალურ სერვისებზე იუსტიციის სახლში მოქალაქეთა მიმართვიანობა თითქმის ორჯერ არის გაზრდილი.

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის კომუნალურ სერვისებს, განაცხადების ჩაბარება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. კერძოდ, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ჩააბარონ განაცხადი კომუნალური კომპანიის სახელზე – დარეგისტრირდნენ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების აბონენტებად, კომპანიებთან გააფორმონ მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება, გადაამოწმონ კომუნალური დავალიანება, დააფიქსირონ მომარაგების პრობლემა, მოითხოვონ მომარაგების შეწყვეტა და აღდგენა, მრიცხველის შემოწმება, გადაამოწმონ დარიცხვა.

კომუნალური მომსახურებების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის სხვა სერვისებთან ერთად. მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი კომუნალური კომპანიის აბონენტს.

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, კომუნალურ მომსახურებაზე ცნობადობის გაზრდის მიზნით, საინფორმაციო ხასიათის ბანერები იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში განთავსდა.