LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იურიდიულმა კომიტეტმა კვიციანს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე ინიციატივის გაწვევა შესთავაზა

133
kviciani

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დეპუტატ ემზარ კვიციანს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზების შესახებ საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივის პარლამეტიდან გაწვევა და პროექტის რელიგიის საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში გადატანა შესთავაზა.

პროექტი, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის სისხლის სამართლის წესით დასჯას ითვალისწინებს, კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა.

„სოციალურ ქსელებში უფრო და უფრო მეტად ხდება პატრიარქისა და ჩვენი სიწმინდეების შეურაცხყოფა. ამას შეიძლება დიდი უბედურება მოჰყვეს. რა კავშირი აქვს შეურაცხყოფას სიტყვის თავისუფლებასთან?! დავუჭიროთ პროექტს მხარი და ეს უმსგავსობა შევაჩეროთ“, – მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს ემზარ კვიციანმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი მთელ რიგ პრობლემებს შექმნის.

ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არის მძიმე ფაქტი, მაგრამ კანონში ჩაწერილი ნორმა უნდა იყოს განჭვრეტადი და შესაბამისობაში იმ ვალდებულებებთან, რაც საქართველოს გააჩნია. მისივე თქმით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას სისხლის სამართლის კანონმდებლობა უკვე იცნობს და ღვთისმსახურებისათვის ხელის შეშლა კანონით ისჯება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი კენჭისყრაზე არ დააყენა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ამ თემაზე მოხდება პოზიციების შეჯერება, მათ შორის მთავრობასთან, რომელიც პროექტს წარმოდგენილი სახით მხარს არ უჭერს.