პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ცეკოს მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს დაუჭირა მხარი.
ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე კი კომიტეტმა მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურების არჩევას გაუწია რეკომენდაცია.
გიორგი კალანდარიშვილს კომიტეტის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ მეორე კანდიდატურას, თენგიზ თევზაძეს კი კომიტეტმა რეკომენდაცია არ გაუწია.
აღნიშნული საკითხის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, 2021 წლის დეკემბერში პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პარლამენტი ცესკოს წევრსა და ცესკოს თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.