საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯიის“ მე-4 და მე-5 პავილიონებში საქართველო-ჩინეთის სინძიანის პროდუქციის რიგით მე-9 გამოფენა მიმდინარეობს.
გამოფენის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, სინძიან-უიგურის ავტონომიური რეგიონის მთავრობის მეთაურის მოადგილემ კაიზაიერ აბუდუკერემუმ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენიმ.
„საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს მეწარმეებს, იმპორტიორებსა და ექსპორტიორებს. ამასთან, ზრდის საქართველოში საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას. ჩვენი სამინისტროს მხარდაჭერით, ქართველი მეწარმეები ჩინეთის ყველა მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობენ, რაც კავშირების გამყარებას უწყობს ხელს. აღნიშნული გამოფენა ასევე მნიშვნელოვანი ხელშემწყობი იქნება როგორც ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების, ასევე სხვადასხვა მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა იური ნოზაძემ.
გამოფენაზე წარმოდგენილია სინძიანის რეგიონში წარმოებული პროდუქცია: ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ხილის წვენები, მშრალი ხილი, სუნელები, ტექსტილი და მსუბუქი მრეწველობის პროდუქცია, სასუქები და სხვა.