LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუნკერების გმირობამ მოგვცა საშუალება, 70 წლის თავზე აღგვედგინა დაკარგული სახელმწიფოებრიობა – ირაკლი კობახიძე

77
1550905317-იუნკერები

იუნკერების გმირობამ მოგვცა საშუალება, 70 წლის თავზე აღგვედგინა დაკარგული სახელმწიფოებრიობა, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ეზოში, სადაც 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„პატივი მივაგეთ იუნკერების ხსოვნას. 98 წლის წინ, მათ მიერ ჩადენილმა გმირობამ მოგვცა საშუალება, 70 წლის თავზე აღგვედგინა დაკარგული სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და მათ გმირობაზე დგას დღემდე ჩვენი სახელმწიფოებრიობა.გუშინ გავიხსენეთ არჩილ ტატუნაშვილი, ჩვენი თანამედროვე გმირი. მათ მინდა, კიდევ ერთხელ პატივი მივაგო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის სასახლის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში 1921 წლის თებერვალში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„პატივი მივაგეთ იუნკერების ხსოვნას, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად საბჭოთა ოკუპაციას აღუდგნენ წინ. ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. სწორედ ასეთი გმირების თავგანწირვაზე დგას ქართული სახელმწიფოებრიობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები