იტალია გახდება პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც საჰაერო ტაქსის აეროდრომების ქსელი გაიხსნება. პირველი ასეთი სადგური რომში, უკვე 2024 წლის ბოლოსთვის ამუშავდება. დასაწყისისთვის, აეროტაქსი ფიუმიჩინოს აეროპორტს ქალაქის ცენტრთან დააკავშირებს.
მთლიანობაში რომში 10 სადგურის მოწყობა იგეგმება და მათი მეშვეობით ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭულში იქნება მოგზაურობა შესაძლებელი. ახალი ობიექტები დიდ ადგილს არ დაიკავებენ და საქალაქო ლანდშაფტსაც დიდად არ შეცვლიან. ყველა რეგისტრაცია და უსაფრთხოების შემოწმება ავტომატიზებული იქნება, რაც მგზავრებს საკმაოდ დიდი დროის დაზოგვის საშუალებას მისცემს.
მოგვიანებით, სადგურების ქსელს სხვა იტალიურ ქალაქებშიც გაავრცელებენ: მათ შორის ვენეციასა და ბოლონიაში.
აეროტაქსის ამუშავება იგეგმება მილანშიც, ოღონდ 2026 წლიდან. ამჟამად ინჟინრები აფრენა-დაფრენის ზუსტ ადგილებს ადგენენ. სადგურები სავარაუდოდ, მილანის მაღალსართულიანი შენობების სახურავებზე განთავსდება.