LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ფეხბურთს ანა ფრანკის დღიურებით დაიწყებენ: ლაციოს ფანებს ოსვენციმში გაუშვებენ

7

დღეს იტალიის ჩემპიონატში 9 მატჩია.
სერია A-ს ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ ჩემპიონატის ყველა შეხვედრა “ანა ფრანკის დღიურიდან” ნაწყვეტის, ასევე ებრაული წარმოშობის იტალიელი მწერლის პრიმო ლევის წიგნის “განა ეს ადამიანია?!” წაკითხვით დაიწყება. ეს აქცია მიმართულია რადიკალურად განწყობილი ფანების მხრიდან გამოვლენილი ანტისემიტიზმის წინააღმდეგ.

შაბათს, 22 ოქტომბერს, რომის “ლაციომ” საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა “კალიარი”. იტალიური პრესის ინფორმაციით, მატჩის შემდეგ რომაული გუნდის ფანებმა ტრიბუნებზე დატოვეს ანტისემიტური და ჰომოფობური ხასიათის მასალები, რომელიც პრინციპული მეტოქის – “რომას” მისამართით იყო მიმართული. ყველაფერთან ერთად, “ლაციოს” ფანებმა სკამებზე დატოვეს ანა ფრანკის სურათებიც. ფოტოზე გოგონას “რომას” ფორმა აცვია.

სერია A-ში იმედი აქვთ, რომ ასეთი აქცია იმოქმედებს იმ ფანებზე, რომლებიც ანტისემიტიზმს მისდევენ.

„ლაციოს“ პრეზიდენტის კლაუდიო ლოტიტოს თქმით, კლუბი და გულშემატკივართა უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ანტისემიტიზმთან ბრძოლას და პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 200 გულშემატკივარს ოსვენციმში გააგზავნის, რათა ისტორიის ზოგიერთი ეპიზოდი არ დაივიწყონ. იგეგმება, რომ აქცია ყოველწლიური გახდება.

 

ანა ფრანკი ოჯახთან ერთად ნაცისტებისგან ამსტერდამის ერთ-ერთ სახლში იმალებოდა. 1944 წლის აგვისტოში ის დასთან ერთად დაიჭირეს და საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს, სადაც ავადმყოფობისგან 15 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი დღიური მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოქვეყნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები