საქართველოს შაბათს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ჯახი ელოდება. ჩვენი ბორჯღალოები ფლორენციაში იმ იტალიას დაუპირისპირდებიან, რომლის ადგილის დაკავებაც გვინდა ექვს ერში. ეს კარგად აქვთ გათვიცნობიერებული თავად აპენინელებსაც და ისინიც არანაკლებ ილესავენ კბილებს.
Maximitalia-ს ვებგვერდმა იტალიელ შუამარბთან, ტომასო კასტელოსთან, ინტერვიუ გამოაქვეყნა. ის ვრცლად საუბრობს „ბორჯღალოსნებთან“ დაპირისპირებაზე და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე „ექვს ერში“ საქართველოს ადგილი არაა.
„იტალიის ნაკრებზე საკმაოდ დიდი წნეხია, რადგან საქართველო „ექვსი ერის“ კარზე დიდი ხანია აკაკუნებს და მაღალი დონის რაგბის თამაშობს. ჩვენი დავალება მარტივია – ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ „ექვსი ერი“ „სავსეა“ და აქ მეტი გუნდის ადგილი არ არის. იტალია აქ წამყვანი“, – განაცხადა კასტელომ.
შეგახსენებთ, რომ ფლორენციაში იტალიისა და საქართველოს დაპირისპირება 10 ნოემბერს, 18:00 საათზე (თბილისის დროით), „არტემიო ფრანკის“ სახელობის სტადიონზე გაიმართება.
მომავალ მატჩზე და ზოგადად ქართული რაგბის პროგრესზე იტალიელთა კაპიტანმა, სერჟიო პარისემაც ილაპარაკა, იტალიის რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. კაპიტანს ოდნავ განსხვავებული შეხედულება აქვს და ამ დაპირისპირებაში რაიმე განსაკუთრებულს ვერ ხედავს.
ერთი ჩვეულებრივი თამაშია
„იტალიის ნაკრებში იმდენი თამაში ჩავატარე, რომ საქართველოსთან ტესტ მატჩს განსაკუთრებულად ვერ აღვიქვამ. ერთ-ერთი ისეთი თამაშია, რომელშიც დაძაბულობა მაღალ დონეზე იქნება, იმიტომ რომ მეტოქეს ბევრად მეტი აქვს დასამტკიცებელი, ვიდრე ჩვენ.
ნამდვილად პრინციპული თამაშია და ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა გამარჯვებაა, მაგრამ პირადად მე იმ აზრს არ ვიზიარებ, რომ ამ მატჩს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. არიან გუნდში მორაგბეები, ვისთვისაც გაცილებით პრინციპულია ეს თამაში, რადგან სხვა, უფრო ძლიერი გუნდების წინააღმდეგ თამაშის ნაკლები გამოცდილება აქვთ.
ყურადღებას არ ვაქცევ, როდესაც ამბობენ, რომ ეს დაპირისპირება აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ყველა თამაშის მოგება თანაბრად მნიშვნელოვანია. საქართველოს ისე აღვიქვამთ, როგორც ჩვენი დონის გუნდს. როგორც ამბობენ, ეს იტალიის ნაკრებისთვის ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა. მე ამას ვერ ვგრძნობ, მაგრამ ასე ამბობენ.
რაც შეეხება საქართველოს, მათი პროგრესი აშკარაა. ამის უმთავრესი მიზეზი კი ისაა, რომ სწორად მუშაობენ და იმის პრეტენზიაც აქვთ, რომ „ექვს ერში“ ითამაშონ. არ ვიცი ამ კუთხით იქნება თუ არა ამ თამაშზე ბევრი რამ დამოკიდებული.
ყველა, მათ შორის ახალ ზელანდიელები და ავსტრალიელები, აღნიშნავენ, რომ ქართველები ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან და ამ კომპონენტში მათთან დაპირისპირება ყველას უჭირს. აგრეთვე, ისინი მწყობრი დაცვით გამოირჩევიან.“ – განაცხადა პარისემ.