თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
9 აპრილის ქუჩაზე 1,2 კმ სიგრძის გზის მონაკვეთზე 2-ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის, სანიაღვრეების, რკინა ბეტონის კიუვეტების, ეზოში შესასვლელების მოწყობის სამუშაოები ტარდება.
შვაბების ქუჩის 1.1-კილომეტრიან მონაკვეთზე კი გათვალისწინებულია ქვაფენილიანი საფარის, სანიაღვრეებისა და საკანალიზაციო სისტემების, ქუჩის განათებისა და ღობეების მოწყობა.
ასევე, იგეგმება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაცია ავთენტურობის შენარჩუნებით.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ასურეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და მიმზიდველი სოფელი გახდება, რაც აღნიშნული სოფლით გერმანელი ტურისტების დაინტერესებას შეუწყობს ხელს.
ასურეთი ისტორიული სოფელია, სადაც მე-19 საუკუნის 20-იან წლებში ჩასახლებული გერმანელები ცხოვრობდნენ. შესაბამისად, სოფელში მრავლადაა გერმანელი მოსახლეობის მიერ აშენებული სრულიად განსხვავებული და ორიგინალური არქიტექტურის საცხოვრებელი სახლები.