LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისტორიაში პირველად” – ქალები, რომლებიც აშშ-ს სტრატეგიულ უწყებებს უხელმძღვანელებენ

159
FORTUNA.GE- (1)

“ისტორიაში პირველად” – ეს არის ალბათ ერთ-ერთი სიტყვათშეთანხმება, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენეს 2020 წლის შეერთებული შტატების მთავარ პოლიტიკურ პროცესზე, მთავარი პოლიტიკური ფიგურის გადაწყვეტილებებსა და მმართველი გუნდის შემადგენლობაზე საუბრის დროს.

დიახ, ისტორიაში პირველად ბევრი რამ მოხდა შეერთებულ შტატებში, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა გამოიწვია და რომლებმაც, უკვე მოგვიანებით, 2021 წელშიც გადმოინაცვლა.

შტატების 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის პროცესსა და შეცვლილ ფორმატზე რომ არაფერი ვთქვათ, ასევე, რომ აღარ ვახსენოთ, ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტი, ან თუნდაც ის, რომ ისტორიაში პირველად არა, მაგრამ 152 წლის განმავლობაში, პირველად, მოქმედი პრეზიდენტი ხელისუფლების გადაცემის ცერემონიას არ დაესწრო, კიდევ რჩება ერთი მნიშვნელოვანი – “ისტორიაში პირველად”.

ვიცე-პრეზიდენტი, ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი, შინაგან საქმეთა მინისტრი, შტატების მუდმივი წარმომადგენელი გაეროში და კანდიდატი ხაზინის მდივნის პოსტზე – თითოეული მათგანი ქალია, თითოეული მათგანი შთამბეჭდავი გამოცდილებით და კიდევ ერთხელ, ისტორიაში პირველად, ქალები ამ რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილნი მმართველ კაბინეტში და მნიშვნელოვან უწყებებს უხელმძღვანელებენ.

ამომრჩევლის გული ჯო ბაიდენმა ჯერ კიდევ მაშინ მოიგო, როდესაც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მან კამალა ჰარისი წარადგინა.

 

244 წლის განმავლობაში პირველად, აღნიშნულ პოსტს იკავებს პირველი აფროამერიკელი და აზიური წარმოშობის ქალი.

დემოკრატიული პარტიის წევრი, პროფესიით იურისტი ჰარისი აქტიურ პროფესიულ კარიერას 2003 წლიდან იწყებს, როდესაც სან-ფრანცისკოს საოლქო პროკურორად აირჩიეს და თანამდებობა 2011 წლამდე ჩააბარეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება – მან უარი თქვა ერთ-ერთი ბრალდებულის სიკვდილით დასჯის მოთხოვნაზე, რომელსაც პოლიციელის მკვლელობისთვის ასამართლებდნენ.

2011-დან 2017 წლამდე კალიფორნიის გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. 2017 წლიდან იყო სენატორი ამავე შტატიდან.

დებ ჰაალანდი, ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის პირველი ქალი წარმომადგენელია, რომელიც შინაგან საქმეთა დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.

 

 

60 წლის ჰაალანდი ნიუ მეხიკოს შტატის დასავლეთ-ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ინდიელთა ტომის წარმომადგენელია.

ის პირობას დებს, რომ იქნება მკაცრი და სამართლიანი ყველას მიმართ.

დებ ჰაალანდი პირობას დებს, რომ შეეცდება, გააფართოვოს ფედერალურ მიწაზე განახლებადი ენერგიის წარმოება და ხელი შეუწყოს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას.

კიდევ ერთხელ, ისტორიაში პირველად, ქალი უხელმძღვანელებს ეროვნულ დაზვერვას.

 

 

51 წლის ევერლი ჰეინსი პირობას დებს, რომ სადაზვერვო სააგენტოების მუშაობა იქნება ეფექტიანი, აქტიურად გააგრძელებენ ბრძოლას შიდა ტერორისტებთან და ასევე გამოიძიებენ კავშირებს სხვა ქვეყნების დაჯგუფებებთან.

ჰეინის ორი წლის განმავლობაში, 2013-2015 წლებში იკავებდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობას. ხოლო 2015-დან 2017 წლამდე იყო პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის მოადგილე.

გავლენიანი ეკონომისტი, რომელიც 2014 წლიდან შტატების ფედერალურ სარეზერვო სისტემას ხელმძღვანელობდა, ამერიკის ხაზინის მდივნის პოზიციაზე კანიდიდატად განიხილება.

 

ეს ჟანეტ იელენია, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, იქნება ასევე პირველი ქალი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის ლექტორი, თეთრი სახლის საბჭოს ეკონომიკური მრჩეველი ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს, ფედერალური სარეზერვო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი და ფედერალური სარეზერვო მმართველთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი – ასეთია მონაცემები იმ ქალის გამოცდილების შესახებ, რომელმაც 231 წლის განმავლობაში პირველად, შესაძლოა ამერიკის ხაზინის მდივნის თანამდებობა დაიკავოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები