საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციამ საერთაშორისო მასშტაბით დიდი აღიარება და ნდობა მოიპოვა. ამის დასტურია ის, რომ საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ეს გამარჯვება დიდი პატივია როგორც საქართველოს წითელი ჯვრისთვის, ასევე მთლიანად საქართველოსთვის. გარდა ამისა, ვიცე-პრეზიდენტობა შესაძლებლობების ახალ ფანჯარას ხსნის, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული ორგანიზაციის მუშაობას საქართველოში.
„ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში გავაკეთებ ყველაფერს, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა მხარი დავუჭირო წითელი ჯვრების ეროვნული საზოგადოებების განვითარებასა და გაძლიერებას. რადგანს სწორედ ძლიერი ეროვნული საზოგადოება არის ის, რაც საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ დროული და ეფექტური რეაგირება ადამიანთა საჭიროებებზე ადგილობრივ დონეზე“, – ამბობს საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე.
ნათია ლოლაძის კანდიდატურას წითელი ჯვრისა და წითელი ნახევართმვარის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას 192 ქვეყნის წარმომადგენლობამ დაუჭირა მხარი. ასეთი ფართო კონსესუსი და ნდობა წლების განმავლობაში საქართველოს წითელი ჯვრის მიერ შესრულებულმა სამუშაოებმა განაპირობა, რაც საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის განსაკუთრებული შემთხვევაა.
„სწორედ წლების მანძილზე გაწეულმა თავდაუზოგავმა შრომამ, როგორც ქვეყნიდან, ასევე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის მმართველთა საბჭოდან, ეროვნული საზოგადოებების დასახმარებლად და გასაძლიერებლად, განაპირობა ის ფაქტი რომ მსოფლიოს 192 ქვეყნის წარმომადგენელმა დაგვიჭირა მხარი და დღეს, ისეთი პატარა ქვეყნის ეროვნული საზოგადოების პრეზიდენტი, როგორიც საქართველოა, გახდა მსოფლიოში უდიდესი ჰუმანიტარული ორგანიზაციის, ვიცე-პრეზიდენტი. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ქვეყანას, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და გამოგვიცხადა უდიდესი ნდობა”, – ამბობს ნათია ლოლაძე.
საქართველოს წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებისთვის ეს არ არის პირველი საერთაშორისო აღიარება. 2017 წელს საქართველოს წითელი ჯვარი, პირველად თავის 100-წლიან ისტორიაში, გახდა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის 20-კაციანი მმართველი საბჭოს წევრი. გარდა ამისა, 2022 წელს საქართველოს წითელი ჯვარი თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გახდა დონორი ორგანიზაცია, რასაც ემატება ისიც, რომ საქართველო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ევროპის მე-11 რეგიონულ კონფერენციის მასპინძელი იყო.
მიღწეული წარმატებები დამატებით საფუძველს ქმნის იმის სათქმელად, რომ საქართველოს წითელი ჯვარი და მისი პრეზიდენტი ნათია ლოლაძე საერთაშორისო მასშტაბით გააძლიერებენ ჰუმანიტარული ორგანიზაციის საქმიანობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
„ჩვენი გამოცდილების საფუძველზე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოს წითელი ჯვარს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე ჰუმანიტარულ საჭიროებებზე რეაგირების პროცესზე. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტთან და სხვა ვიცე-პრეზიდენტებთან, რათა გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა და ფოკუსირება გაზრდილ ჰუმანიტარულ მოთხოვნებზე რაც ამ პერიოდში დგას მსოფლიოს და განსაკუთრებით ევროპის წინაშე“, – ამბობს ნათია ლოლაძე.
ნათია ლოლაძის შესახებ
ნათია ლოლაძის საქმიანობა საქართველოს წითელი ჯვრის ეროვნულ საზოგადოებაში 2002 წელს, მოხალისეობით დაიწყო. 2008 წლის ომის შემდეგ, ნათიამ გადაწყვიტა, რომ მისი კარიერა ჰუმანიტარული საქმიანობისთვის საბოლოოდ დაეკავშირებინა და მას შემდეგ, საქართველოს წითელი ჯვრის წევრებთან ერთად ყოველდღიურად მუშაობს საჭიროების მქონე ადამიანების დასახმარებლად. ნათიამ წლების განმავლობაში შეძლო მნიშვნელოვანი და ძლიერი კავშირის დამყარება სხვადასხვა ქვეყნების წითელი ჯვრების ეროვნულ საზოგადოებებთან, რაც დადებითად აისახა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და დახმარების საჭიროების მქონე ქართველ ხალხზე.
2017 წელს ნათია ლოლაძის ხელმძღვანელობით საქართველოს წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოება წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის 20-კაციანი მმართველი საბჭოს წევრი გახდა. ნათია ლოლაძისა და საქართველოს წითელი ჯვრის მიერ შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, მათ შორისაა ისეთი საქმეები, როგორიცაა ბოლო წლებში განვითარებული პანდემიის პირობებში საქართველოში ვაქცინის შემოტანაში მნიშვნელოვანი წვლილის შესრულება.
ამ წლების განმავლობაში, ნათიას ხელმძღვანელობით საქართველოს წითელმა ჯვარმა არაერთი აღიარება მოიპოვა, დღეს კი ის 192 ქვეყნის გადაწყვეტილებით საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.