LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისთერნ ფრომოუშენსის“ წევრი ეკა კუპრეიშვილი მსოფლიო ვარსკვლავებზე, რომლებთანაც უშუალო მუშაობა უწევს: „რობი უილიამსის შოუზე დიდი გამოცდილება მივიღე…“

195
artfm

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ „ისთერნ ფრომოუშენსის“ წევრი, ეკა კუპრეიშვილი სტუმრობდა, რომელმაც  თბილისის ჯაზფესტივალზე და მსოფლიო არტისტებთან მუშაობაზე ისაუბრა.

ეკა, არაერთ მსოფლიო არტისტთან გქონია შეხება. შეგიძლია, მათ შორის მარტივად და რთულად საკომუნიკაციო ვარსკვლავები გამოყო?

ნამდვილად ასეა, გამიმართლა, რომ „ისთერნ პრომოუშენსის“ წევრი ვარ და ამდენი ხნის განმავლობაში ამ ჯგუფთან ერთად ვმუშაობ. წლებს მოაქვს გამოცდილება და ამდენი ხნის მუშაობის შემდეგ, ალბათ, დავიმსახურე, რომ დღეს მსოფლიო არტისტებთან მიწევს ასეთი ახლო ურთიერთობა. რაც შეეხება მუსიკოსებს, შემიძლია ვთქვა, რომ ჯაზ-შემსრულებლები ზუსტად ისეთები არიან, როგორ მუსიკასაც უკრავენ – ძალიან უშუალო, უბრალო და საინტერესო პიროვნებები. ძალიან კომფორტულია მათთან მუშაობა. პრეტენზიულობის მხრივ უფრო პოპშემსრულებლებს გამოვყოფდი. ყველა მუსიკოსთან მუშაობა განსხვავებულია, ყველა პროექტიდან რაღაც ახალს იძენ, რადგან ყველას თავისი მუშაობის პრინციპი აქვს. შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად სხვა სპეციფიკა იყო ელტონ ჯონთან მუშაობა, სხვა იყო მუშაობის რიტმიც. გამოვყოფდი რობი უილიამსსაც, იმხელა ფროდაქშენი იყო, რომ მათთან მუშაობით და ერთი შოუთი იმხელა გამოცდილება მივიღე, რასაც, ალბათ, მთელი წლების განმავლობაში ვერ მიიღებს ადამიანი.

რას გვეტყვი დაიანა რივსზე, რომელიც მეორედ სტუმრობდა საქართველოს?

სხვათა შორის, გაიხსენა წინა ვიზიტი და აღნიშნა, რომ ძალიან კარგად ახსოვს საქართველოც და პუბლიკაც. აღფრთოვანებული და კმაყოფილი დარჩა კონცერტითაც. კახა კანდელაკის სიტყვებს გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ფაქტობრივად, მუსიკალური გემოვნების გაკვეთილია თითოეული კონცერტი. უცხოელი არტისტების გარდა, თბილისის ჯაზფესტივალში ტრადიციულად მონაწილეობდნენ ქართველი მუსიკოსებიც. გამოყოფილი გვქონდა ორი სივრცე. მთავარ დარბაზში მთავარ არტისტებს, ჰედლაინერებს შეხვდებოდით, მეორე სივრცეში კი ქართველი სტუდენტები წარდგნენ მსმენელის წინაშე.

აღსანიშნავია, რომ ძალიან მომხიბვლელი იყო ფესტივალზე წარმოდგენილი ვინილები და გამოფენა.

ნამდვილად ძალიან საინტერესოა, რადგან გამოფენილი იყო ჩვენს ფესტივალში მონაწილე  არტისტების ფოტოები. წლევანდელი გამოფენა ახალგაზრდა არტისტს, თეა რუხაძეს დავუთმეთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები