ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი არ გამორიცხავს, რომ ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების კვოტა გაიზარდოს.
„ჩვენ 1 000 ქართველის კვოტით დავიწყეთ და თუკი პროცესი წარმატებულად და შეუფერხებლად განხორციელდება, შესაძლოა, კვოტის გაზრდის საკითხიც განვიხლოთ“, – ამბობს გიდორი.
ცნობისთვის, ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ. ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას ჯანდაცვის სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ გაივლის.
ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1 წლით შეეძლებათ. დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი.