ერაყის შეიარაღებული ძალების ცნობით, ავიადარტყმა განახორციელეს ავტოკოლონაზე, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი იმყოფებოდა, ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. შემთხვევა ანბარის პროვინციაში მოხდა.
გარდაიცვალა თუ არა ალ-ბაღდადი, ამ დრომდე უცნობია, ერაყის შეიარაღებული ძალების ცნობით, ISIS-ის ლიდერი შემთხვევის ადგილიდან ტრანსპორტით სხვაგან გადაიყვანეს.
„ერაყის ავიაციამ ჩაატარა გმირული ოპერაცია, მათ დაარტყეს ალ-ბაღდადის ავტოკოლონას. ISIS-ის ლიდერი „ისლამური სახელმწიფოს“ რანგით მასზე დაბალ მდგომ ლიდერებს კარაბელაში უნდა შეხვედროდა,“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ინფორმაციას პენტაგონი ჯერ ვერ ადასტურებს.
რუსული საინფორმაციო საშუალებები კი ირანულ მედიაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ალ-ბაღდადისთან ერთად ავტოკოლონაში იმყოფებოდა მისი „მარჯვენა ხელი“ უმარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი. მათი მტკიცებით, ავიადარტყმის შედეგად ალ-ბაღდადი დაიჭრა, ბათირაშვილი კი გარდაიცვალა.