როდესაც ხელისუფლება ვერ ითმენს შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებას, ეს დემოკრატიის ნაკლებობაზე მიუთითებს, თუმცა საქართველოში სახელმწიფოებრივი წყობილების ეს ფორმა რამდენად ძლიერია ან სუსტი, ისევ საკამათო თემაა.
ქვეყნის დემოკრატიის და თავისუფლებისთვის ბრძოლის ეპიცენტრი უმეტეს შემთხვევაში დედაქალაქი და საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაა. პარლამენტის შენობას არაერთი საპროტესტო აქცია ახსოვს, ტრაგედიებითა და უბედურებით და სისხლისღვრით. თბილისს რამდენიმე კარვების აქციაც ახსოვს, არც ისე შორეული წარსულიდან, როდესაც 2007 წლის 6 ნოემბერს ათასობით მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა და მაშინდელი ხელისუფლების შეცვლის მიზეზით პროტესტი ამ ფორმით გამოთქვა. მაშინ გაიშალა კარვებიც. იმ დილითვე მაშინდელმა ქალაქის მერმა გიგი უგულავამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ თბილისი არასოდეს არ იქნება კარვების ქალაქი და ხელისუფლება არ დაუშვებდა დედაქალაქი კარვების ქალაქად გადაქცეულიყო. მისივე თქმით, აუცილებელი იყო ასევე რუსთაველის გამზირზე მოძრაობის აღდგენა და ტერიტორიის გაწმენდა.
ოპოზიციამ 6 ნოემბერს კარვები ცუდი ამინდისგან თავშესაფრის მიზნით გაშალა. ის ნოემბერი წვიმიანი და ცივი იყო. იმ ნოემბერში ის ხელისუფალნი სამუშაო კაბინეტებში თბილად ისხდნენ, თუმცა დღეს იგივე ხალხი იგივე ადგილას პროტესტს აქციით გამოხატავს, იგივე მოთხოვნით და იგივე შინაარსით.
ალბათ ბედის ირონიაა, როდესაც ადამიანები იკრიბებიან იმ იდეის გარშემო, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ თვითონ ეწინააღმდეგებოდნენ და აქციას აქციაზე შლიდნენ.
”დიახ, ჩვენ ამას ხელი შევუშალეთ, რომ თბილისი არ გადაქცეულიყო კარვების ქალაქად, პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს არის კანონის მოთხოვნა” – აცხადებდნენ მაშინ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები. აქციის დაშლასაც კი არ აღიარებდნენ და ამბობდნენ, რომ მათ მხოლოდ რუსთაველზე მოძრაობა აღადგინეს, რომელიც დემონსტრანტებს ჩაკეტილი ჰქონდათ.
”ეს იყო დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა” – აცხადებდა მაშინდელი პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, – როდესაც ოპოზიციის ლიდერებმა კარვების დადგმა გადაწყვიტეს, რაც კანონით არ არის ნებადართული, და როდესაც მათ გადაწყვიტეს დაძაბულობის შემდგომი გამწვავება, ხელისუფლებამ მიიღო კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილება. ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა, საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეუძლიათ აქციის გაგრძელება პარლამენტის წინ, გზის ჩაკეტვის გარეშე”.
ისევ ნოემბრის ცივი ამინდი და დედაქალაქი ისევ კარვების ქალაქს ემსგავსება. არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას კენჭისყრაზე არ გაუმართლა. პროექტი ჩავარდა თუ ჩააგდეს, მაგრამ მთავრობის ეს გადაწყვეტილება მიზეზი გახდა ხალხი ისევ ქუჩაში გამოსულიყო.
პარლამენტთან აქციაზე კარვები გაშალეს
აქციის აღნიშნული ფორმის გარდა საქართველოს რამდენიმე უჩვეულო და არაორდინალური პროტესტის ფორმა ახსოვს. მათ შორის შუა ქალაქში ორ ჭადარს შორის გაბმული ჰამაკი. შემთხვევა ზუგდიდში 2007 წლის ზაფხულში მოხდა. “ფორტუნამ” აღნიშნული პროტესტის ფორმის ავტორთან, კახა მიქაიასთან ინტერვიუ ჩაწერა.
ვითარება, რომელიც მაშინ სამეგრელოში ხდებოდა და კონკრეტულად ქალაქის თვითმმართველობა ახორციელებდა მიუღებელი იყო „დაიცავი საქართველოს“ სამეგრელოს ხელმძღვანელისთვის. მაშინ ქალაქის გამგეობის გადაწყვეტილებით, მთავარ ბულვარში უნდა მოეჭრათ საუკუნის ჭადრები, რითაც ცნობილია ქალაქის შესასვლელი ხეივანი მთელ გაყოლებაზე, ვიდრე დადიანების სასახლემდე.
როგორც კახა მიქაია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მაშინ მას ხელთ ჩაუვარდა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც აღნიშნული ხეების მოჭრას ითვალისწინებდა.
„ქალაქის გამგებლის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით ხელში, გამგეობის წინ გავმართე მშვიდობიანი აქცია და გავაპროტესტე ისტორიულ ქალაქში ისტორიული იერსახის დამახინჯება. მახსოვს როგორ ფანჯრებიდან და სახურავიდან მიყურებდნენ და მისმენდნენ ზუგდიდის გამგეობაში. ისეთი რამე უნდა გამეკეთებინა, რითაც ყურადღებას მივიქცევდი და მათ ხეივნის განადგურების საშუალებას არ მივცემდი. გადავწყვიტე ხეებს შორის გამება ჰამაკი. ასეც მოვიქეცი და გამოვაცხადე შიმშილობა“ – გვიყვება კახა მიქაია.
პროტესტის მსგავსი ფორმა, უჩვეულო იყო არა მარტო ზუგდიდისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. დიდი გამოხმაურებები მოჰყვა მიქაიას პროტესტს. როგორც თავად გვიყვება, ბევრმა დასცინა, ბევრმა შეაქო, ბევრმა გააკრიტიკა, მაგრამ ბულვარი ჭადრების გარეშე დარჩენას მაინც გადაარჩინა.
რაც შეეხება დღევანდელ მოვლენებს და ნოემბრის აქციებს, მიქაია ამბობს, რომ სკეპტიკურად უყურებს, თუმცა აქვე აღნიშნავს:
„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. 2007 წლის ნოემბერში კარვების ქალაქმა დიდი როლი ითამაშა მაშინდელი ხელისუფლების დასუსტებაში, რაც შემდგომ 2012 წლის მოვლენებით დაგვირგვინდა. ვერ შევადარებ იმ ოპოზიციასთან დღევანდელ „გაერთიანებას“, რადგან ნაციონალების დაჯერება არის რთული. ამ ოპოზიციას არა აქვს ისეთი მხარდაჭერა, როგორც მაშინდელ ოპოზიციას ქონდა. ამიტომ ვამბობ, რომ ამ მოვლენებს სკეპტიკურად ვუყურებ“ – აცხადებს კახა მიქაია.
ეს იქნება უბრალოდ მხილება – რა გზას შესთავაზებენ აქციის მონაწილეები ხელისუფლებას
პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა პირველი ღამე გაათენეს. ამბობენ, რომ შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელი პროპორციული არჩევნებია. ოპოზიციამ გენგეგმა გუშინვე წარადგინა და მომდევნო მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.