LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისევ ის “ნაციონალები”, ნარჩენები არიან საპყრობილეში და ისინი აკეთებენ ჩანაწერებს – ვიქტორ ჯაფარიძე

94

“ისევ ის „ნაციონალები“, ისევ ამათი მეპატრონეები, ნარჩენები არიან დარჩენილი საპყრობილეებში და ისინი აკეთებენ (ფარულ ჩანაწერებს) და უნდათ, რომ რეჟიმში გვაცხოვრონ,” – ამის შესახებ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა. დეპუტატის თქმით, მას აქვს კონსტიტუციური უფლება, შევიდეს პატიმართან და არ არის ვალდებული, ეს ინფორმაცია სხვას გაანდოს.

„ესენი გვამებს არიან მიჩვეული, გვამს ელოდებიან კიდევ, ამას ელოდებიან. მე მაქვს უფლება შევიდე პატიმართან, ის არის ჩემი ამომრჩეველი. მეორეც, მე არ ვარ ვალდებული, გავანდო ეს ინფორმაცია სხვას – გაკმაყოფილებთ პასუხი? კონსტიტუცია მაძლევს ამის უფლებას და ამათ ხომ ჩაწერეს, თვითონ წაიღონ პროკურატურაში, საგამოძიებო ორგანოებში და თვითონ გამოიძიონ, გამოიკვლიონ.

მე ვთვლი, რომ არასერიოზული, სტრესის ქვეშ მყოფი, აგონიაში მყოფი ადამიანის სიტყვები იყო ეგ და ჩავთვალე არასერიოზულად. ახლა მეუბნებიან, იყო თუ არა ეს ტყუილი, არასერიოზული და ტყუილი ერთიდაიგივე არ არის?“ – მიმართა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, როგორია დეპუტატის მოსაზრება ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერები ფაბრიკაციაა, ვიქტორ ჯაფარიძემ უპასუხა, რომ სწორედ ნიკა გვარამიამ გააკეთა ფაბრიკაციები პატარკაციშვილის საქმეზე.

„გვარამიამ ფაბრიკაციები აკეთა ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე. ხომ არ დაგავიწყდათ გვარამია, რომელიც გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, რომელმაც საზიზღრობა აკეთა ჩვენს ქვეყანაში. დაგავიწყდათ? მე არ დამვიწყებია! ცოცხებიც, „დუბინკებიც“ როგორი იყო, ხომ არ დაგავიწყდათ?! გვარამიამ რომ თქვა, აპრიორში სიმართლეა? გვარამიამ რომ თქვა, არ არის ჩემთვის სიმართლე, პასუხი ეს არის,“ – აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ამასთან, ვიქტორ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს მიმართა, რომ ისინი კითხვებს უნდა სვამდნენ იმის შესახებ, როგორ მოხდა, რომ პარლამენტის წევრი საპყრობილეში პატიმართან შევიდა და ამის აუდიოჩანაწერი გაკეთდა.

„მაგრამ თქვენ ეძებთ სენსაციას. ეგ უნდა იყოს სენსაცია, რომ ვინ ჩაწერა პარლამენტის წევრის საუბარი პატიმართან. ეგ არის ჩვენი უბედურება, რომ ისევ ის „ნაციონალები“, ისევ ამათი მეპატრონეები, ნარჩენები არიან დარჩენილი საპყრობილეებში და ისინი აკეთებენ და უნდათ, რომ რეჟიმში გვაცხოვრონ, მაგრამ არა, ქართველმა ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვა ჩანაწერებზე, ბინძურ მეთოდებზე და დარწმუნებული ვარ, 28 რიცხვი არის არამარტო სვანეთის, არამედ მთელი საქართველოსთვის. არა, შეგვეშვით, დამთავრდა!” – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.