LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისევ ღიაა – დაკეტვიდან რამდენიმე თვეში, „პრეგო“ თბილისში დაბრუნდა

89
ipiccy-image

დაკეტვიდან რამდენიმე თვის შემდეგ, საქართველოში ერთ–ერთი პირველი პიცერია „პრეგო“ ერთგულ მომხმარებელს დაუბრუნდა.

„პრეგო რეალე განაგრძობს მუშაობას 4 სექტემბრიდან ახალ მისამართზე. ასევე გაცნობებთ, რომ ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით თქვენ ისარგებლებთ, როგორც ადგილიდან გატანის სერვისით, ასევე  – „ვოლტის“ და „გლოვოს“ მომსახურებით. სულ მალე კი ჩვენი გუნდი მოგემსახურებათ ღია სივრცეში, რა თქმა უნდა, ისევ ისეთი სიყვარულით და გემრიელი კერძებით“, – აცხადებენ „პრეგოს“ მენეჯმენტში. რაც შეეხება ახალ მისამართს, სადაც პიცერია დაგხვდებათ, ეს არის – არჩილ მიშველაძის 5 ( ვაკის პარკის შესასვლელი).

შეგახსენებთ, ქართულ ბაზარზე 21 წლიანი საქმიანობის შემდეგ, „პრეგომ“ ფუნქციონირება მიმდინარე წლის ივნისში შეწყვიტა. პიცერიამ დაკეტვის მიზეზებიც განმარტა და მაშინ, ვრცელი განცხადებაც გაავრცელა.

„ალბათ ვერავინ დათვლის რამდენჯერ გვითქვამს ჩვენი მომხმარებლისთვის – „მობრძანდით“… ერთი შეხედვით, მარტივი სიტყვა, რომელმაც თბილისში და ალბათ საქართველოშიც კი, შექმნა ისტორია. დღეს უკვე გემრიელი „პიცა“ არავის უკვირს თუმცა მაშინ, 2000 წლის საქართველოში ბევრი რამ გვიკვირდა, ან უფრო სწორად ბევრი რამ არც გვქონდა… იმ წლის 6 თებერვალს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გაჩნდა ერთი პატარა კვების ობიექტი, რომელზეც ვერავინ იტყოდა, რომ მომდევნო 21 წლის განმავლობაში შექმნიდა პიცის ეპოქას, დიახ ეს იყო პიცერია „პრეგო რეალეს“ პიცის ეპოქა..

ეს იყო ძალიან დიდი შრომით, წვალებით, იმედგაცრუებით და ასევე უამრავი სიხარულით, ბედნიერებით, სიყვარულით და სიახლეებით აღსავსე 21 წელი… ეს იყო სრულიად განსხვავებული გარემო გახსნის პირველი დღიდან ბოლო დღემდე… იმდენად შინაურული გარემო იყო რომ თავს ვერც უცხოდ და ვერც სტუმრად ვერ იგრძნობდით.. ძალიან ხშირად შეიძლებოდა შესწრებოდით ისეთ სიტუაციას რაც დღევანდელი გადმოსახედით არ ჯდება მომსახურების სტანდარტებში, თუმცა აქ თითქმის ყოველ დღე შეიძლებოდა შეხვედროდით მის დამფუძნებელს ზაალ ჩიკვაიძეს, რომელიც ან თავად მოგემსახურებოდათ მაგიდასთან, ან მოგიმზადებდათ კერძს და ეს ჩვეული ამბავი იყო ამ პატარა იტალიურ რესტორანში… დიახ ბნელ 2000 წელზეა საუბარი… ეს იყო ადგილი სადაც ბევრმა ჩვენგანმა პირველად გავსინჯეთ იმ პიცის გემო, რომელიც პიცის სამშობლოშიც კი იშვიათად შეგვხვედრია.. ეს შედარება ხშირად სმენია პრეგოს კედლებს მისი ერთგული მომხმარებლისგან… გვინდა გადავუხადოთ უდიდესი მადლობა იმ უამრავ ადამიანს, ვისაც 21 წლის მანძილზე უმუშავია ჩვენს პიცერიაში… დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, რომლებიც წლიდან წლამდე, ოჯახებით და მეგობრებით სიხარულით სტუმრობდით ჩვენს პიცერიას.

Prego – სწორედ ასე ჟღერს იტალიურად ის მარტივი სიტყვა რომელიც საფუძვლად ედო ჩვენს პიცერიას და რომელიც ალბათ ძალიან მოგვენატრება ყველას. ყველაფერს აქვს თავისი დრო… პიცერია „პრეგო რეალე“ წყვეტს ფუნქციონირებას… ბევრ სხვა გარკვეულ მიზეზთან ერთად, მსოფლიო პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა კრიზისმა ალბათ ყველაზე დიდი როლი ითამაშა ამ გადწყვეტილების მიღებაში“, – აცხადებდა მაშინ პიცერია „პრეგო რეალეს“ ხელმძღვანელი ეკა წერეთელი.

ცნობისთვის, „პრეგო“ საქართველოში 2000 წლიდან გამოჩნდა და ის მომხმარებელს იტალიურ გემოსა და ტრადიციებს აცნობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები