LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისევ “ძველი ციხის თემა”: პატიმარს ჯგუფურად გაუსწორდნენ, ყოფილი დირექტორია ძებნაშია

88
prisonturqey

საქართველოს პროკურატურამ 2012 წლამდე პერიოდში, პატიმრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საკითხს პროკურატურაში სპეციალური ბრიფინგი მიეძღვნა. საქმე, წინა მთავრობის პერიოდში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობას ეხება.

უწყების ინფორმაციით, 2008 წლის 18 იანვარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, სამედიცინო მომსახურების მიზნით მყოფ მსჯავრდებულს, ალექსანდრე მანუკიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა დაწესებულების ექიმთან, რომელმაც მისი აზრით არასათანადო მკურნალობა გაუწია. მსჯავრდებულის მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების გამო, ამავე დაწესებულების თანამშრომლებმა ალექსანდრე მანუკიანი იძულებით შეიყვანეს რენტგენის გადასაღებ ოთახში, სადაც ამ უკანასკნელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ კვლავ დააბრუნეს სამკურნალო დაწესებულების მისაღებში.

გამოძიების მიხედვით, მომხდარზე დაწესებულების დირექტორს შესაბამისი, კანონით გათვალისწინებული რეაგირება არ მოუხდენია. უწყების განცხადებით, ალექსანდრე მანუკიანის დასჯის და დაშინების, მიზნით, დაწესებულების დირექტორმა თანამშრომლებს უბრძანა, პატიმრისთვის დაედოთ ხელბორკილი და იზოლირებულად მოეთავსებინათ ოთახში, სადაც დირექტორის უშუალო მონაწილეობით, დაწესებულების თანამშრომლები ძალადობრივი, არაადამიანური და დამამცირებელი მეთოდებით, უმწეო მდგომარეობაში მყოფ პატიმარს ჯგუფურად გაუსწორდნენ ფიზიკურად. დირექტორის მიმართ გამოიტანეს დადგენილება, რომელიც გულისხმობს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის დამცირებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებს.

“ბრალდებული ა.მ. საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ უკვე მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, გარდა ამისა იგი ბრალდებულია არაერთ მძიმე დანაშაულებრივ ეპიზოდში და მოცემული ეტაპისთვის მის მიმართ ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა. ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას და იმყოფება ძებნაში, ბრალდების შესახებ დადგენილება გაეცნო მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა მხილების მიზნით გამოძიება გრძელდება” – განმარტებულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დროისათვის საქართველოს პროკურატურაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე გამოძიება მიმდინარეობს 29 სისხლის სამართლის საქმეზე.