პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპონენტების განცხადება, რომ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის შემდეგ ამნისტიის პროექტის გამოყენება საჭირო აღარ არის, უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო სპეკულაციაა.
მისივე განცხადებით, ის რომ ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულება გირაოს მეშვეობით დატოვა, არ ნიშნავს, რომ საკითხი მასთან დაკავშირებით დახურულია.
„ოპონენტებმა გააკეთეს უპასუხისმგებლო განცხადებები, თითქოს გირაოს გამოყენების შემდეგ აღარ არის საჭირო ამნისტიის პროექტი. ესეც გახლავთ ძალიან უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო სპეკულაცია, ამნისტია არის არა გირაოს ეკვივალენტი, ან შემცვლელი, არამედ გახლავთ ამ საკითხების საბოლოოდ დახურვის გადაწყვეტილება. შესაბამისად, ის, რომ ნიკანორ მელიამ გირაოს მეშვეობით დატოვა საპატიმრო, არ ნიშნავს, რომ საკითხი მასთან დაკავშირებით საბოლოოდ არის დახურული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში მოცემული პუნქტი, რომელიც ამნისტიას ეხება, არანაირი განსხვავებული ინტერპრეტაციების საშუალებას არ იძლევა და თუ ვინმე ცდილობს, რომ სხვადასხვა პროექტი შემოიტანოს, ეს ემსახურება ერთადერთს, რომ დროებით სახე შეინარჩუნონ და პოლიტიკური პოზა დაიჭირონ.
„ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად ასრულებს შარლ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს და საზოგადოება ხედავს, რომ პოლიტიკური პროცესი ბრუნდება პარლამენტში, ნორმალურ კალაპოტში, რასაც მივესალმებით. ამნისტიის პუნქტი მთლიანად იყო შემუშავებული ევროკავშირის მიერ, შარლ მიშელის ხელმძღვანელობით და „ქართულ ოცნებას“ არანაირი სუბიექტური მოთხოვნა, ან შესწორება ამასთან დაკავშირებით არ შეუტანია. ეს იყო შეთანხმებული ოპოზიციასთან, შესაბამისად მათ ვინც ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს, ასევე ეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ შეთანხმება შეასრულონ ისევე პასუხისმგებლიანად, როგორც ამას ვაკეთებთ ჩვენ.
პროექტი, რომელიც მომზადდა ჩვენ მიერ, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებით, მთლიანად არის თანხვედრაში იმ პრინციპებთან, რომელიც მიშელის შეთანხმებაშია მოცემული. მიშელის შეთანხმებაში ამნისტიასთან დაკავშირებით ძირითადი პრინციპია, რომ ამნისტია იყოს გამოყენებული იმისთვის, რათა მხარეებმა დახურონ პოლიტიკური ისტორიის ფურცელი, რომელიც ყველა დიდი დაპირისპირების საგანი იყო და ამით ხელი შეუწყონ თანამშრომლობას პარლამენტში. ჩვენ მოვაწერეთ ხელი და თანმიმდევრულად ვასრულებთ ამ მოთხოვნას.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ შეთანხმების დამახინჯებით, ან ფრაგმენტული პროექტით დახურავს 20 ივნისის საკითხზე დაპირისპირებას, აუხსნას საზოგადოებას და დაარწმუნოს ბატონი მიშელი იმიტომ, რომ მის შეთავაზებულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. შარლ მიშელის დოკუმენტში მოცემული პუნქტი, რომელიც ეხება ამნისტიას, არანაირი განსხვავებული ინტერპრეტაციების საშუალებას არ იძლევა და თუ ვინმე ცდილობს, რომ სხვადასხვა პროექტი შემოიტანოს, ეს ეხება ერთადერთს, რომ დროებით სახე შეინარჩუნონ და პოლიტიკური პოზა დაიჭირონ. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არ არის სწორი საქციელი და პასუხისმგებლიანი პოზიცია“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.